Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია მეზვრიშვილი: დებატებში ვიწვევ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატებს


ნათია მეზვრიშვილი, პარტიის "საქართველოსთვის" გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი
ნათია მეზვრიშვილი, პარტიის "საქართველოსთვის" გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი

პარტიის „საქართველოსთვის" გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა, პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრების“ ეთერიდან კონკურენტები დებატებში გამოიწვია. გადაცემაში მან განაცხადა, რომ მზადაა დებატებში გლდანელების პრობლემებზე ისაუბროს:

„დებატებში ვიწვევ ყველა იმ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც გლდანში კენჭს იყრის. მე ამისთვის მზად ვარ, საკმაოდ კარგად ვიცნობ უკვე თითოეული გლდანელის, რაიონის მასშტაბით არსებულ პრობლემებს და მე მზად ვარ, რომ საქმეზე თითოეული მაჟორიტარობის კანდიდატთან ვილაპარაკო“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მან გადაცემაში გამოთქვა რწმენა, რომ 2 ოქტომბერს გლდანის რაიონში მაჟორიტარულ არჩევნებში გუნდთან ერთად სერიოზულ შედეგებს მიაღწევს.

„გამარჯვების შემთხვევაში, რაშიც დარწმუნებული ვარ ამ ადამიანების თანადგომით, ნათია მეზვრიშვილი არა თუ დაიკარგება გლდანის რაიონიდან, არამედ თავიდან ბოლომდე გლდანის რაიონის მშენებლობის პროცესში და უკეთესი გლდანის მშენებლობის პროცესში ჩაერთვება", - აღნიშნა მან „საღამოს საუბრებში“ და განაცხადა, რომ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები საქმით დაამტკიცებენ, რომ ადამიანების გვერდით დგომა შეუძლიათ:

„პირველ რიგში ვეუბნები გლდანელებს, რომ ჩემთვის პრიორიტეტი იქნება თითოეული მათგანი, პრიორიტეტი იქნება ხალხი და ნაკლებად - პოლიტიკური კინკლაობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ, რაშიც ფაქტიურად დაკარგულია ადამიანი“, - განაცხადა „საღამოს საუბრებში“ ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით, გლდანი იქნება რაიონი, რომელზეც თბილისის წარმატება გაივლის.

უშუალოდ გლდანელების პრობლემებზე საუბრისას გადაცემაში ნათია მეზვრიშვილმა პრიორიტეტულად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გამოყო. მისი თქმით, გლდანელებს განსაკუთრებულად აწუხებთ უმუშევრობა, საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გამოწვევები და ტრანსპორტის პრობლემა, რომელიც განსაკუთრებულად მწვავედ კოვიდის პირობებში დადგა.

ნათია მეზვრიშვილმა „საღამოს საუბრებში“ აღნიშნა, რომ მზადაა გლდანელების პრობლემებზე კონკურენტებთან, გლდანის მაჟორიტარობის დანარჩენ კანდიდატებთან, ნებისმიერ ეთერში ისაუბროს.

ნათია მეზვრიშვილის შეთავაზებამდე, კონკურენტები, კერძოდ, "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე და ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გამოიწვია დებატებში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ცესკოს თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას 48 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები მიიღებენ. უშუალოდ თბილისის გლდანის რაიონის მაჟორიტარობისთვის 12 სუბიექტის წარმომადგენლები იბრძოლებენ. ესენი არიან:

"მესამე ძალა" - ნანა ტოხვაძე; ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" - რომან მელქაძე; "პატრიოტთა ალიანსი" - იოსებ ზარიძე; "ლელო" - თამარ ადამია; "ლეიბორისტული პარტია" - ტარიელ კალანდარიშვილი; "საქართველო" - გოდერძი ლომთაძე; "გახარია-საქართველოსთვის" - ნათია მეზვრიშვილი; მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის" - გია ვარდანაშვილი; "ელენე ხოშტარია - დროა" - ელენე ხოშტარია; "ქართული ოცნება" - კონსტანტინე ზარნაძე; "ანა დოლიძე - ხალხისთვის" - ირაკლი თედორაძე და "მწვანეთა პარტია" - დავით ცხვარიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG