Accessibility links

site logo site logo

მიხეილ სააკაშვილმა ჯარს მიმართა: "საქართველო გადასარჩენია"


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება, გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომლის ადრესატები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი მოსამსახურეები და ვეტერანები არიან.

„მინდა მივმართო საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებს, სამხედრო მოსამსახურეებს. ძალიან ვამაყობ იმით, რომ თქვენი თანამებრძოლი ვართ. ვამაყობ იმით, რომ თქვენთან ერთად შევქმენი პრაქტიკულად ტილიანი, გაუბედურებული, განადგურებული ჯარიდან, ნამდვილი, ბრძოლისუნარიანი, საამაყო საბრძოლო შენაერთები, რომლებმაც მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი. თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით. მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ ჯარი არ სჭირდება საქართველოს. გახსოვთ, მრავალი წელი კრძალავდა სამხედრო აღლუმებს. რამდენიმე ათეულ ოფიცერს კონვერტში უხდის ხელფასს იმისათვის, რომ მათ არ შეუქმნან პრობლემები და გააკონტროლონ დანარჩენი ჯარი. სამაგიეროდ, ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, არ წყდება. ბინები, შეღავათები, მივლინებები - მთელი ეს წლები ნაწილდება ნეპოტიზმით, ნაცნობობით, ნათესაობით და არავითარ შემთხვევაში, დამსახურებებით. საუკეთესო ოფიცრები გააქციეს ჯარიდან და დანარჩენების გაქცევაზე უჭირავთ თვალი. აღჭურვა მკვეთრად შესუსტდა და ვარჯიშები პრაქტიკულად ნულზეა ჩამოყვანილი. ეს არის სამარცხვინო და შეუთავსებელი ქართველი კაცის სულთან. ივანიშვილს სჭირდება ფარჩაკი, განადგურებული, სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიმართვის დასკვნით ნაწილში შეახსენებს ქართველ სამხედროებს, რომ ისინი ასევე არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მოახლოებულ არჩევნებში.

„ჩვენ ერთად უნდა მოვემზადოთ. საქართველო გადასარჩენია ამ უზურპატორი ხელისუფლებისგან, რომელმაც მოიპარა არჩევნები გასულ წელს, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელიც ყოველდღიური ძალადობით და მუქარებით ინარჩუნებს კაბინეტებს. მოგმართავთ, როგორც ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში როგორც მოქალაქეებს: ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად, არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის. საქართველოს სჭირდება ახლა შველა. თქვენი პატრიოტიზმის და თქვენი განსაკუთრებულობის იმედი მაქვს. თქვენი და ჩვენი გმირი ვეტერანების. ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც, მისი თქმით, აპირებს საარჩევნოდ დაბრუნდეს სამშობლოში, სადაც მას პატიმრობა აქვს მისჯილი.

2018 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს შეიარაღებული თავდასხმისა და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედებოდა ბრალად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG