Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია პირისპირ დებატებს სთავაზობს კალაძეს და მელიას


გიორგი გახარია, კახა კალაძე, ნიკა მელია.
გიორგი გახარია, კახა კალაძე, ნიკა მელია.

თბილისის მერობის კანდიდატი პარტიიდან „საქართველოსთვის“ პირისპირ დებატებს სთავაზობს ოპონენტებს „ქართული ოცნებიდან“ (კახა კალაძეს) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ (ნიკა მელიას).

ყოფილი პრემიერი დებატებისთვის კონკრეტულ ტელეარხებსაც ასახელებს. „მოდით, თქვენივე ტერიტორიაზე თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები, პირისპირ, ერთი-ერთზე, იმისთვის, რომ მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს შესაძლებლობა, მიიღონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი. როგორც ჩანს, როგორც მოვისმინე ბოლო გამოსვლებში, კახი კალაძეს გარკვეული დისკომფორტი აქვს სხვა ტელევიზიებში სიარულის, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს დებატები პირისპირ, ერთი-ერთზე „იმედზე“, პარტიულ ტელევიზიაში და იმედი მაქვს, რომ ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს“, - თქვა გახარიამ და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატს მიმართა: - „ისევე, როგორც ნიკანორ მელიას მინდა შევთავაზო, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიაზე, „მთავარ არხზე“ ერთი-ერთზე მოვაწყოთ დებატები“.

როგორც გიორგი გახარია ამბობს, დღეს არის 13 სექტემბერი, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო. „ივარჯიშეთ, მეგობრებო, მოემზადეთ და მინდა გითხრათ, რომ მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დებატები ჩავატარო“, - აღნიშნა მან.

11 სექტემბერს ტელეკომპანიებმა „ფორმულამ", „მთავარმა არხმა", „ტვ პირველმა" და „კავკასიამ" საჯაროდ მიიწვიეს დებატებზე თბილისის მერობის კანდიდატები (კალაძე, გახარია და მელია), რომლებიც, მათი განცხადებით, ბოლო გამოკვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ.

სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები უნდა გამართულიყო 28 სექტემბერს. თბილისის მერმა კახა კალაძემ წინადადებაზე უარი განაცხადა.

მანამდე კი, 2 სექტემბერს, გიორგი გახარიამ კახა კალაძე და ნიკა მელია დებატებში გამოიწვია.

კახა კალაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ მხოლოდ გახარიასა და მელიასთან დებატებზე თანახმა არ არის.

„კახა კალაძე დაუჯდება ყველას აბსოლუტურად, ამის შესაძლებლობა იქნება, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა, გვექნება შესაძლებლობა, როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებშია, წარიმართოს დებატები“, - თქვა თბილისის მერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG