Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე ე.წ. სუს-ის ჩანაწერებზე: ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

13 სექტემბერს გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერების შესახებ ბრიფინგი გამართა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძენ. „ნაციონალური მოძრაობის" და მისი კუთვნილი ტელეკომპანიების მხრიდან ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, ვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობაც", - თქვა დეპუტატმა.

მამუკა მდინარაძემ ე.წ. სუს-ის ჩანაწერები შეაფასა ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელებად.

„სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა, მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ მრავალი საუკუნის მანძილზე გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას და ბუნებრივია, ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს და მათთან გამკლავებაც არ გაუჭირდება. ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების „შეკერვა“, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოქვეყნება, უკვე წლებია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერად იქცა. თუმცა, ამ მეთოდებით მათ ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ შეძლეს. ეს მათ არც მომავალში გამოუვათ", - ამბობს „ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე.

მმართველი პარტიის წევრი აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება დგანან და იდგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე.

ინტერნეტსივრცეში 12 სექტემბერს, გვიან, გამოჩნდა დოკუმენტები. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება. ვებგვერდის ბმული, რომელზეც ფაილები იყო განთავსებული, მედიებს გაეგზავნა სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”.

არის ვარაუდი, რომ ინფორმაცია სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა, ვინაიდან განთავსებული დოკუმენტები შეიცავს შემდეგი შინაარსის მიმართვას:

ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის... ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!.. აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!“

ჟურნალისტების დადასტურებული ჩანაწერები 2012 წლის შემდეგ, მოქმედი ხელისუფლების დროს არის გაკეთებული.

დოკუმენტები შეიცავს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ჩანაწერებს. მათ შორის მოხსენიებულია ანდრია ჯაღმაიძეც, რომელიც შვილებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას სთხოვს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს.

საუბარია კუმურდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზზე, რომელიც, თითქოს, რუსეთის მოქალაქეს აწვდიდა ინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. მისგან კი 30 ათასი დოლარი ჩაერიცხა ანგარიშზე.

მიტორიპოლიტ ნიკოლოზის თქმით, ეს ყველაფერი არის მხოლოდ სიტყვები, მან აღნიშნა, რომ რამდენადაც ინფორმირებულია, მის პირად ანგარიშზე რუსეთიდან "გადმორიცხვის გაკეთება არ შეიძლება, არ კეთდება, არ სრულდება ასეთი ოპერაცია“.

მან არ უარყო დოკუმენტებში მოხმობილი ინფორმაცია რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილინასთან ნაცნობობის შესახებ, თუმცა თქვა, რომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ იქ კოვიდტესტებს აკეთებენ. "მე ახლაც არ მაქვს ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც ყველამ ვიცით, რომ კოვიდტესტებს აკეთებენ", - თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მანვე "ფეიკი" უწოდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის კოალიცია "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესების შესახებ ამბებს იგებს პოლიტიკოს ხათუნა გოგორიშვილისგან.

XS
SM
MD
LG