Accessibility links

site logo site logo

მდინარაძე: ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს პირადი ცხოვრების ჩანაწერების გამოქვეყნებას


მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 14 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ ინტერნეტში საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს. მამუკა მდინარაძის თანახმად, ამისთვის ფონის მომზადებას ემსახურებოდა სასულიერო პირებზე სავარაუდოდ სუს-ის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაც:

„გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების მქონე ადამიანებს შეიძლება თავში აზრად მოუვიდეთ მათი გავრცელება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. იგი „კატეგორიულად“ აფრთხილებს ყველას, რომ თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან.

„ამასთან, დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და აღნიშნულ ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოების მღელვარების და რისხვის ობიექტი სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანამზრახველები გახდებიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, მიიღონ ყველა ზომა საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

ფაილების ავთენტურობა ამ დროისათვის დადასტურებული არ არის. ამ თემაზე კომენტარი არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გაუკეთებია. ოფიციალური გამოხმაურება არც საპატრიარქოს გაუვრცელებია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი ჩანაწერების გავრცელება ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG