Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას გუნდი ჩანაწერების საქმის გამოძიებაში სახალხო დამცველის ჩართვასა და საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს


ბექა ლილუაშვილი, პარტიის "საქართველოსთვის" წევრი
ბექა ლილუაშვილი, პარტიის "საქართველოსთვის" წევრი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდის წევრები, პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელების ფაქტს პასუხი ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიებით უმოკლეს ვადაში უნდა გაეცეს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის ჩართვისა და სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი:

„აშკარაა, რომ "ოცნება" ისევ პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს და მათ ინტერესებში არ შედის დადგინდეს ჭეშმარიტება. შესაბამისად, ერთის მხრივ, მოვითხოვთ, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები, მეორეს მხრივ კი, საპარლამენტო მანდატის ფარგლებში მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს ბინძური, მანკიერი პრაქტიკა და საქართველო უნდა გახდეს ძლიერი სახელმწიფო“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, ქართული ოცნების“ ხელმძღვანელთა რეაქციები და განცხადებები, რომლებიც მიზნად პოლიტიკური ოპონენტების უტიფრად დადანაშაულებას ისახავს, ნათლად წარმოაჩენს იმ მძიმე რეალობას, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. მისივე განმარტებით, გიორგი გახარიას გუნდის წევრები პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ შექმნეს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ფარული ჩანაწერების მეთოდებით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ბოლო მოღებოდა.

"ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ "ოცნების" მმართველობის დროს მიღწეულ როგორც წარმატებებზე, ასევე წარუმატებლობაზე და ასევე "ოცნების" დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით, იმაზეც, რომ მანდატის ფარგლებში, თუნდაც რეფორმების კუთხით, ვერ შევქმენით საკმარისი ფუნდამენტი, რომ ამგვარი მეთოდებით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, უმსგავსობას ერთხელ და სამუდამოდ მოღებოდა ბოლო. თუმცა ის რასაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია და მიუღებელია და ამის ჩამდენმა პირებმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი", - განაცხადა ბრიფინგზე ბექა ლილუაშვილმა. მან თხოვნით მიმართა მედიასაშუალებებს, არ მოახდინონ ისეთი ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც შეიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელების ფაქტის გამოძიების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვერსიას დაამუშავებს და მათ შორის იმას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული ყოფილიყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG