Accessibility links

site logo site logo

თალიბანმა უარყო ცნობა შიდა დაპირისპირებისას ვიცე-პრემიერის მოკვლის შესახებ


მოლა ღანი ბარადარის (მარჯვნივ) შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ჰუმანიტარულ საკითხებში, საგანგებო ვითარებთა კოორდინატორთან, მარტინ გრიფიტთან ქაბულში, 5 სექტემბერი, 2021 წელი

თალიბანმა უარყო ცნობა, რომ დოჰაში მისი პოლიტიკური ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი მოკლეს თალიბანის სხვა ფიგურასთან დაპირისპირების დროს, როცა მათ ვერ გაიყვეს ძალაუფლება დროებით მთავრობაში, რომელსაც თალიბანი განაგებს. უარყოფა გავრცელდა ხმების ფონზე, რომ თალიბანს შიგნით განხეთქილებაა, როცა რადიკალური დაჯგუფება ცდილობს იარაღით ბრძოლიდან ქვეყნის მართვაზე გადავიდეს.

თალიბანი უარყოფს შიდა განხეთქილებასაც. დაჯგუფების წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰინმა განაცხადა, რომ მოლა აბდულ ღანი ბარადარმა, რომელიც ახლახან იქნა არჩეული ვიცე-პრემიერად, გაავრცელა ხმოვანი მესიჯი, სადაც ის უარყოფს ხმებს დაჭრის თუ მოკვლის შესახებ.

ეს არის უსაფუძვლო სიცრუე, განაცხადა შაჰინმა. თალიბანმა გაავრცელა ასევე ფოტოები, სადაც ბარადარის მიერ ხელით დაწერილი ტექსტია გამოსახული შინაარსით, რომ ის ქაბულიდან ყანდაარში წავიდა.

თალიბანის მიერ გავრცელებულმა უარყოფამ კიდევ უფრო საეჭვო გახადა ვითარება: ბარადარი რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა, ის არ იყო თალიბანის დელეგაციაში, რომელიც ქაბულში 12 სექტემბერს ვიზიტად ჩასულ ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

გავრცელებული ცნობით, წყაროთა თანახმად, გასულ კვირაში, ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ თათბირზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აბდულ ღანი ბარადარი და დევნილთა საქმეების მინისტრი ხალილ რაჰმან ჰაყანი და მათი მომხრეები. კონფლიქტის საბაბი იყო ავღანეთის ახალი მთავრობის სტრუქტურით ბარადარის უკმაყოფილება, თუმცა, რეალურ მიზეზად სახელდება დავა იმის შესახებ, თუ ვინ არის თალიბთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი. ბარადარი მიიჩნევს, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის დაბრუნება მათი დამსახურებაა, ვინც მოლაპარაკებებსა და დიპლომატიაში იყო ჩართული, „ჰაყანის ჯგუფი“ კი აცხადებს, რომ ყველაფერი სამხედრო წარმატებამ გადაწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG