Accessibility links

site logo site logo

რუსეთში დაიწყო საპარლამენტო არჩევნები


რუსეთში მიმდინარეობს მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის, ფედერაციის 9 სუბიექტის გუბერნატორების და 39 რეგიონული პარლამენტის არჩევნები. რუსეთის მოქალაქეები ხმას 17, 18 და 19 სექტემბერს მისცემენ.

ყველაზე ადრე საარჩევნო უბნები გაიხსნა ჩუკოტკასა და კამჩატკაზე. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ხმის უფლებით სარგებლობს 108 მილიონზე მეტი მოქალაქე, ხოლო საზღვარგარეთ 2 მილიონზე მეტი.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის - სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობს 14 პარტია: „ედინაია როსია“, „კომუნისტური პარტია“, „მწვანეები“, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“, „ახალი ადამიანები“, „სამართლიანი რუსეთი“, „იაბლოკო“, „ზრდის პარტია“, „თავისუფლების და სამართლიანობის პარტია“, „რუსეთის კომუნისტები“, „სამოქალაქო პლატფორმა“, „მწვანე ალტერნატივა“, „სამშობლო“ და „პენსიონერთა პარტია“.

რუსეთის დუმის 225 დეპუტატი პარტიული სიით აირჩევა, კიდევ 225 კი - ერთმანდატიანი ოლქებიდან. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 300 მანდატის მიღება, უბრალო უმრავლესობისთვის კი, 226-ის. ამჟამინდელ, მეშვიდე მოწვევის დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს „ედინაია როსია“-ს.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს. რუსეთში ცოტა ხნის წინ მიიღეს კანონი, რომელიც კენჭისყრას უკრძალავს "ექსტრემისტული ორგანიზაციების" საქმიანობასთან კავშირის მქონე პირებს. რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები ექსტრემისტულად აქვს გამოცხადებული.

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში პირველად ნებადართულია ხმის ელექტრონულად მიცემა. ამ უფლებით სარგებლობენ მხოლოდ მოსკოვის, მურმანსკის, ნიჟნი ნოვგოროდის, იაროსლავის, კურსკის, როსტოვის და ანექსირებული სევასტოპოლის ამომრჩევლები. რუსეთი დუმის არჩევნებს ატარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG