Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში განიხილავენ ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს


საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული.

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა მელიამ თავად მოითხოვა 2021 წლის 29 ივლისს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომელიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერად იყრის კენჭს, მიზეზად ის დაასახელა, რომ მთლიანად ერთვება საარჩევნო კამპანიასა და „უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“.

ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება დღემდე ორჯერ აქვს შეწყვეტილი, თუმცა, არა საკუთარი სურვილით.

2019 წლის დეკემბერში, წინა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობამ მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

2021 წლის თებერვალში, მეათე მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას. გადაწყვეტილების საფუძველი იყო გენერალური პროკურორის მიმართვა, რომლითაც მან პარლამენტისგან ითხოვა თანხმობა, სასამართლოსთვის მიემართა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის მიზნით. ამჯერად, საქმე ეხებოდა 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეს, რომლის გამოც მელიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო არ გადაიხადა.

საპოლიციო ძალებმა მელია 23 თებერვალს დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა, რასაც წინ უძღოდა 19 აპრილს, "ქართული ოცნების" და ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული დოკუმენტის ხელმოწერა და ევროკავშირის მიერ მელიასთვის გირაოს თანხის, 40 000 ლარის გადახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG