Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია: იაკობ გოგებაშვილის საფლავის ქვა ჩავარდა. საფლავი არ დაზიანებულა


თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო სურთ გააკეთონ განმარტება ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების თაობაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

მერიაში ამბობენ, რომ იაკობ გოგებაშვილის საფლავი არასოდეს დაზიანებულა, სადრენაჟო სამუშაოების წარმოებისას 2019 წელს მხოლოდ საფლავის ქვა ჩავარდა.

"2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველა პროცედურის დაცვით აღადგინეს", - ნათქვამია თბილისის მერიის გაცხადებაში.

ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის საფლავის შესაძლო დაზიანების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სავარაუდოდ სუს-ს მიერ წარმოებული ჩანაწერები გასაჯაროვდა.

2019 წლის 24 აპრილით დათარიღებულ ჩანაწერში ნათქვამია:

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს აცნობა, რომ ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური, მთაწმინდის პანთეონში აწარმოებდა სადრენაჟო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანებულ იქნა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, რასაც მოჰყვა ცხედრის ნაწილების გაბნევა. ნ.ანთაძის თქმით, იმისთვის, რომ მომხდარი არ გახდეს ცნობილი მედიისთვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის, აუცილებელია დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები".

ნიკოლოზ ანთიძემ სტუდია "მონიტორთან" საუბარში განაცხადა, რომ სადრენაჟო სამუშაოების შემდეგ სპეციალისტებს ნეშტის გამორჩევა მოუხდათ "აგურებსა და მიწას შორის". თუმცა რეაგირება იყო სწრაფი. "მაშინვე მოხდა მისი არქეოლოგიურად შესწავლა და პატივით, როგორც არის საეკლესიო წესით დაკრძალვა. მოხდა შეკეთება ამ სამარხის და ახალი სასახლით დაკრძალეს", - თქვა ნიკოლოზ ანთიძემ.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი - 25 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა იყო განთავსებული. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები დიდწილად სასულიერო პირებს ეხება,

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

უშუალოდ საეკლესიო მსახურებზე სავარაუდო მიყურადების გარდა, არის ეკლესიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ჟურნალისტებსა და დიპლომატებს შორის შიდა კომუნიკაციის, ასევე ულტრამემარჯვენე ძალების წარმომადგენელთა შორის საუბრის ჩანაწერების შინაარსი.

მათში ვხვდებით, საქართველოში ევროკავშირის, გერმანიის, ისრაელის ელჩების, ასევე აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს.

სუს-ის სავარაუდო ფარული მიყურადების გზით მოპოვებული მასალების მედიით გავრცელების შესახებ, ინფორმაცია ბრიუსელს ევროკავშირის საელჩომ მალევე აცნობა.

მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ფარულ ჩანაწერებსა და ამ ჩანაწერების შინაარსის შესახებ, პროკურატურამ 14 სექტემბერს გამოძიება დაიწყო. პროკურატურა აცხადებს, რომ იძიებს კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

XS
SM
MD
LG