Accessibility links

site logo site logo

აშშ გმობს დმანისსა და რუსთავში მომხდარ თავდასხმებს


დმანისსა და რუსთავში მომხდარი თავდასხმების შესახებ განცხადებას აქვეყნებს აშშ-ის საელჩო საქართველოში. მასში ვკითხულობთ, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში. ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ.

ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში. მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა".

საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ ხელისუფლების და ოპოზიციის მიმართ მოწოდებასაც: „საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ ხელისუფლების და ოპოზიციის მიმართ მოწოდებასაც: „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს.

ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე".

1 სექტემბერს, ორი ადამიანი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე დაშავდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას. ამ ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, დაკავებულია ამავე სოფელში "ქართული ოცნების" კანდიდატის შვილი. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავში მცხოვრები ივანე გველესიანი, რომელიც რუსთავის მერიის ააიპ რუსთავის კორპუსიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდა, ამბობს, რომ ახლა ეჭვობს, რომ ამ მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავს 20 სექტემბერს დაესხნენ.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG