Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელი რიცხვების ღამე მოსკოვში


რუსეთში, სადაც ბოლო რამდენიმე არჩევნებში გამოიცადა დისტანციური ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, ბევრი ფიქრობდა, რომ ციფრული ტექნოლოგიები არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას შეამცირებდა, თუმცა 2021 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დასრულების შემდეგ, ამ მოსაზრებას ბევრად ნაკლები ადამიანი იზიარებს. რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ მოსკოვის ბედი სწორედ ელექტრონულად მიცემული ხმების გაყალბებამ გადაწყვიტა.

2021 წლის 17-19 სექტემბერის არჩევნები რუსეთში
2021 წლის 17-19 სექტემბერის არჩევნები რუსეთში

რუსეთის VIII მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ბევრი ოპოზიციონერი კანდიდატი მზად იყო ეზეიმა გამარჯვება: ტრადიციული, ქაღალდის ბიულეტენების დათვლა აჩვენებდა, რომ მოსკოვის საარჩევნო უბნებში მიღებული ხმები ყოფნიდა მათ წარმატებას დედაქალაქის თხუთმეტი ოლქიდან რვაში (ყველა ოპოზიციონერი კანდიდატი მხარდაჭერილი იყო ალექსეი ნავალნის ჭკვიანი ხმის მიცემის სისტემით). უმეტეს შემთხვევაში, ოპოზიციონერთა უპირატესობა მინიმალური იყო, თუმცა, არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეს, დისტანციური ელექტრონული კენჭისყრის (დეკ) შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რვავე საარჩევნო ოლქში ვითარება დიამეტრულად შეიცვალა. ალტერნატიული კანდიდატები ჩაანაცვლა ე.წ. "სობიანინის სიამ" ანუ იმ კანდიდატებმა, რომლებსაც მხარს უჭირდა მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.

დეკ-მა ანუ ხმის ელექტრონულმა კენჭისყრამ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. ზოგიერთი მათგანის შედეგი გაორმაგდა კიდეც.

დისტანციური ელექტრონული კენჭისყრის (დეკ) შედეგების დიდი დაგვიანებით გამოცხადებამ და ვითარების დრამატულად შემობრუნებამ, ბევრ დამკვირვებელს გაუმყარა ეჭვი, რომ არჩევნები ელექტრონულადაც გაყალბდა.

21 სექტემბერს ალექსეი ნავალნიმაც, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ინსტაგრამში გამოაქვეყნა ტექსტი, რომლის მიხედვითაც, მისმა „ჭკვიანმა ხმის მიცემამ“ შეამცირა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პარტიის კანდიდატთა მხარდაჭერა, რის გამოც არჩევნების შედეგები პრიმიტიული მეთოდით გააყალბეს.

„ტაბლოზე ყალბი შედეგი აინთო“, - დაწერა რუსმა პოლიტიკოსმა.

ალექსეი ნავალნი და სერგეი სობიანინი
ალექსეი ნავალნი და სერგეი სობიანინი

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, რამდენიმე ასეული ადამიანი გავიდა არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად. კომუნისტურმა პარტიამ, რომელმაც არ ცნო მოსკოვში ელექტრონული კენჭისყრის შედეგები, სცადა აქციის გამართვის ნებართვის მიღება, მაგრამ მოსკოვის მერიამ ასეთი ნებართვა არ გასცა. მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია მაინც შედგა.

არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა დეპუტატობის კანდიდატმა, მათემატიკოსმა მიხეილ ლობანოვმა, რომელსაც მხარი დაუჭირა ოპოზიციურმა ელექტორატმა ალექსეი ნავალნის "ჭკვიანი კენჭისყრის" სისტემით. საარჩევნო უბნებზე მიცემული ბიულეტენების რაოდენობის მიხედვით, ლობანოვი 10 ათასი ხმით უსწრებდა თავის კონკურენტს „ერთიანი რუსეთიდან“, ტელეწამყვან ევგენი პოპოვს, უკვე მილოცვებსაც კი იღებდა, მაგრამ დისტანციური ელექტრონული კენჭისყრის (დეკ) შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პოპოვმა გაიმარჯვა მთელი 20 000 ხმით.

საპროტესტო აქცია მოსკოვში, პუშკინის მოედანზე
საპროტესტო აქცია მოსკოვში, პუშკინის მოედანზე

„ეს სამწუხარო სიახლე იყო, მაგრამ იმის გამო, რომ შედეგების გამოქვეყნება მთელი ღამის განმავლობაში გაჭიანურდა, მივხვდით, რომ ასეთი რამ მოსალოდნელი იყო. ჩანდა, რომ „ზემოთ“ საგანგებოდ იცდიდნენ საუბნო კომისიების შედეგების დაჯამებამდე, რათა შეეფასებინათ და გადაეწყვიტათ, რომელი კანდიდატის გამარჯვება ეცნოთ და რომლის - არა. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, უბრალოდ გადაწყვიტეს, ოპოზიციიდან არავინ შეეშვათ”, - განაცხადა მიხაილ ლობანოვმა.

მოსკოვის ელექტრონული კენჭისყრის შედეგების გაუქმების მოწოდებით გამოვიდა საზოგადოებრივი მოძრაობა "გოლოსი", რომელსაც რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს "უცხოელი აგენტის" სტატუსი. „გოლოსმა“ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა კენჭისყრის მიმდინარეობისა და საპარლამენტო და რეგიონული არჩევნების შედეგების შესახებ ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ კენჭისყრისა და დათვლის ელექტრონული სისტემა გამჭვირვალე არ არის ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში სპეციალური ცოდნის მქონე პირთათვისაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ დანარჩენ ამომრჩევლებზე.

„შესაბამისად, ხმის მიცემის არსებული ელექტრონული სისტემა არ აკმაყოფილებს ელექტორალური პროცედურების საზოგადოებრივი კონტროლის მაღალ მოთხოვნებს. ინტერნეტ-კენჭისყრის სისტემისადმი ნდობის მაღალ დეფიციტს კიდევ უფრო ამწვავებს კენჭისყრის პირველ დღეს სადამკვირვებლო პორტალის შეფერხებით მუშაობა. კენჭისყრის სამი დღის განმავლობაში ხმის მიცემისას სირთულეები ჰქონდა ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს, ხოლო ხმების დათვლა გაურკვეველი მიზეზით გაჭიანურდა 20 სექტემბრის დილამდე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

"გოლოსში" აღნიშნავენ, რომ ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დარწმუნებულიყვნენ ელექტრონული კენჭისყრის სამართლიანობაში. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 4 ათასზე მეტი შეტყობინება სხვა და სხვა სახის დარღვევის შესახებ, თუმცა რუსეთის ფედერაციის ცესკომ ოფიციალურად დაადასტურა ბიულეტენების ჩაყრის მხოლოდ თორმეტი შემთხვევა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროშიც განაცხადეს, რომ არ დაფიქსირებულა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ კენჭისყრის შედეგებზე.

მოსკოველმა ამომრჩევლებმა mos.ru-ს - ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გაუმართავი მუშაობის შესახებ ჩივილი არჩევნების პირველივე დღიდან დაიწყეს. მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიამ ხარვეზები იმით ახსნა, რომ, განმცხადებლების დიდი ნაკადის გამო, სისტემა იძულებული გახდა აემოქმედებინა ე.წ. „რიგების მოწესრიგების მექანიზმი“.

ალექსეი ვენედიქტოვმა, მოსკოვის არჩევნების მონიტორინგის საზოგადოებრივი შტაბის ხელმძღვანელმა და რადიო „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა, თქვა, რომ საიტი იღებდა დაახლოებით 47 000 მოთხოვნას წუთში.

„გოლოსის“ თანათავმჯდომარემ, რომან უდოტმა კენჭისყრის პროცედურას "სირცხვილი", ხოლო თავად არჩევნებს რუსეთის ისტორიაში "ერთ-ერთი ყველაზე ბინძური" უწოდა. ტელეკომპანია „ნასტაიაშეე ვრემიასთან“ ინტერვიუში მან განმარტა, რომ ასეთი დასკვნა ნაწილობრივ ემყარება ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის მუშაობასაც:

რომან უდოტი
რომან უდოტი

„სისტემა უვარგისია. შესაბამისად, იყო თუ არა ფალსიფიკაცია, ჩემთვის უცნობია და, საერთოდაც, მთავარი ეს არ არის. ელექტრონული კენჭისყრის სისტემა არ ასახავს ამომრჩეველთა ხმებს, ამიტომ აზრი არ აქვს არჩევნებში მის გამოყენებას. სისტემა არღვევს მათემატიკის პრიმიტიულ კანონებს. ჩვენთან ისე გამოვიდა, რომ გაცემული ე.წ. ელექტრონული ბიულეტენების რაოდენობა 78 ათასით ნაკლებია მიღებული ხმების რაოდენობაზე. ასეთი რამ ამ პლანეტაზე აქამდე არ მომხდარა. ალბათ, ეს არის უცხოპლანეტელთა რაღაც სისტემა, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, მაგრამ, თუ ასეა, მაშინ ის სხვა პლანეტაზე უნდა გამოიყენონ. კონვერსიაა, როდესაც, მაგალითად, 100 ბიულეტენი გაიცემა და მათი საშუალებით 120 -ჯერ აძლევენ ხმას - სწორედ ეს მოხდა აქ“.

მოსკოვის არჩევნებზე დაკვირვების საზოგადოებრივი შტაბის ხელმძღვანელმა და რადიო „ეხო მოსკოვის“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა, ტელეკომპანია „ნასტოიაშეე ვრემიას“ ინტერვიუში, ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას უწოდა „სამართლიანი, გამჭვირვალე, საიმედო და ნებისმიერ შემთხვევაში უფრო სუფთა, ვიდრე ქაღალდის ხმის მიცემის ტრადიციული სისტემა ":

„როგორც მოსკოვის შტაბის უფროსი, ძირითადად შევეჯახე პრეტენზიებს, რომლებიც დაკავშირებულია სახლიდან ხმის მიცემასთან და ტრადიციული ხმის მიცემის რეესტრში, სიებში ადამიანების არარსებობასთან. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას. რა თქმა უნდა, უფრო დავხვეწთ და თანამედროვეს გავხდით მას. ბევრია საფიქრალიც და სამუშაოც, მაგრამ დისტანციურად ელექტრონული კენჭისყრა (დეკ) საიმედო, სამართლიანი და გამჭვირვალეა. ამიტომ, მე ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც უნდა გავაუქმოთ მისი შედეგები“.

როგორ ხსნის ალექსეი ვენედიქტოვი იმას, რომ მოსკოვში ელექტრონული საარჩევნო ბიულეტენებით კენჭისყრის ბოლოს, ამომრჩეველთა რაოდენობამ გადაასწრო გაცემული ბიულეტენების რაოდენობას და კენჭისყრის ბოლოს სხვაობამ 78 000 შეადგინა.

ალექსეი ვენედიქტოვი
ალექსეი ვენედიქტოვი

„იცით, სად ჩანს არაკომპეტენტურობა? მოსკოვში ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაში ჩადებული იყო განმეორებითი კენჭისყრის იდეა. ანუ, თუკი ადამიანი ფიქრობს, რომ ზეწოლის ქვეშაა ან ეჩვენება, რომ მასზე ზეწოლა ხდება, რომ ანგარიშვალდებულია ვიღაცასთან, მაშინ მას შეუძლია ხელახალი ხმის მიცემა დღის განმავლობაში ყოველ სამ საათში ერთხელ, ბლოკჩეინი კი ისეა მოწყობილი, რომ ყოველი ტრანზაქცია პლუს ერთია. ხმები და მიღებული ბიულეტენები მეტია ვიდრე ხალხი ეკრანზე, მაგრამ სისტემა ისეა მოწყობილი, რომ [ითვლის] უკანასკნელ ხმას. სხვათა შორის, ეს იყო შედეგების გამოქვეყნების დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი. ელექტრონულ კენჭისყრაში რეგისტრირებული 1 მილიონ 943 ათასი ამომრჩევლიდან, ხელახალი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა 300 ათასმა ანუ 300 ათასმა ადამიანმა მეორედ აიღო ელ. ბიულეტენი, ზოგიერთმა კი - მესამედაც. ბუნებრივია, ეს არის პლუს ერთი, პლუს ერთი, პლუს ერთი. ასე რომ, ჩემი აზრით, ჩვენ გვაქვს 650 ათასი დამატებითი ტრანზაქცია“, - განაცხადა ალექსეი ვენედიქტოვმა.

„გაება, თაღლითი“, - ასე გამოეხმაურა „გოლოსის“ წარმომადგენელი რომან უდოტი ალექსეი ვენედიქტორვის განმარტებას, - „სინამდვილეში, ვენედიქტოვმა უბრალოდ ყურადღებით არ შეხედა თავის ვებსაიტს, observer.mos.ru-ს, რომელსაც აქვს საათობრივი მთვლელი. ეს მთვლელი აჩვენებს, რამდენი ბიულეტენი გაიცემა ყოველ საათში და რამდენ ხმას აძლევენ ყოველ საათში. იქ წერია, რომ 17 სექტემბრის კენჭისყრის პირველ საათში გაიცა 20 ათასი ბიულეტენი, ხმა კი 100 ათასმა მისცა. ანუ, თუ დავუჯერებთ „ეხო მოსკოვის“ მთავარ რედაქტორს, გამოდის, რომ საიტს ეწვია 20 ათასი სტუმარი, რომლებმაც ერთ საათში ხუთჯერ შეცვალეს პოლიტიკური შეხედულებები“.

2021 წლის არჩევნებში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა, მოსკოვის გარდა, ფართოდ გამოიყენეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებსაც რუსული პასპორტები დაურიგეს არაღიარებულ დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ასევე დისტანციურად მისცეს ხმა. საგანგებოდ ამისათვის არჩევნების წინა დღეებში გაიხსნა საკონსულტაციო ცენტრები, რომლებშიც "რუსეთის სახელმწიფო სერვისების პორტალის“ ინსტრუქტორის მეთვალყურეობით, ძირითადად ჩინოვნიკებს, ჩაუტარეს ტრენინგი ონლაინ ხმის მიცემაში. გარდა ამისა, როსტოვის ოლქში გაიხსნა ათზე მეტი საარჩევნო უბანი, რომლებიც განკუთვნილი იყო რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონბასის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. როსტოვში გაიგზავნა „ამომრჩევლებით“ სავსე 825 ავტობუსი და 12 მატარებელი, რისთვისაც დროებით სასაზღვრო კონტროლის სისტემაც კი გაამარტივეს. საუბარია, უკრაინის იმ 538 ათასი მოქალაქის ხმებზე, რომლებსაც რუსული პასპორტები დაურიგეს.

არჩევნები დონეცკში. 2021 წლის 17 სექტემბერი
არჩევნები დონეცკში. 2021 წლის 17 სექტემბერი

ვინაიდან არჩევნებში მონაწილე პარტიებს შეზღუდული ჰქონდათ შესაძლებლობა საარჩევნო კამპანია ჩაეტარებინათ დონბასის ტერიტორიაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი მხარდაჭერა მოიპოვა მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“.

როსტოვის ოლქში, როგორც ელექტრონული კენჭისყრით, ასევე ტრადიციული ხმის მიცემის სისტემით „ერთიანმა რუსეთმა“ გაიმარჯვა პროპორციულშიც და ყველა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქშიც.

ელექტრონული კენჭისყრის სისტემით „ერთიანი რუსეთის“ მიერ მოპოვებული უპირატესობა - კიდევ ერთი არგუმენტია, რომელიც ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა. ალექსეი ვენედიქტოვს კი მიაჩნია, რომ მიღებული შედეგები შეესაბამება ზოგად მონაცემებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ გამოცხადდა:

"ერთიანმა რუსეთმა" ონლაინ 847 ათასი ხმა მიიღო, ხოლო მთავარმა კონკურენტმა, „კომუნისტურმა პარტიამ“ - 300 ათასი ხმა, მაგრამ თუ ვიანგარიშებთ პროცენტს აქტივობის მთლიანი მაჩვენებლიდან, ვნახავთ, რომ თანაფარდობა თითქმის ერთი და იგივეა. „ერთიან რუსეთს“ აქვს 30,1%, ხოლო კომუნისტურ პარტიას - 30,4%. რაშია საქმე? ხუთი გამარჯვებული პარტიიდან სამი მოუწოდებდა თავის ამომრჩეველს მონაწილეობა მიეღოთ დისტანციურ ელექტრონულ კენჭისყრაში და, შესაბამისად, მიიღეს კიდეც უკეთესი შედეგები, ვიდრე ოფლაინ კენჭისყრაში. ეს პარტიებია: „ერთიანი რუსეთი“, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ და „ახალი ხალხი“. ამ პარტიებისგან განსხვავებით, კომუნისტებმა და „სამართლიანმა რუსეთმა“ თქვეს, რომ არ ენდობოდნენ ელექტრონულ სისტემას და ამომრჩეველსაც მოუწოდეს, მისულიყვნენ საარჩევნო უბნებში და ტრადიციულად მიეცათ ხმა. სწორედ ამიტომ მიიღეს ნაკლები მხარდაჭერა ელ. არჩევნებში. თუ თქვენ მოუწოდებთ თქვენს ამომრჩეველს, არ გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი და შემდეგ კითხულობთ, სად არიან ისინი, ცხადია, გიპუსუხებენ, რომ ისინი არ არიან, რადგან შენ არ დაუძახე მათ“, - ამბობს ალექსეი ვენედიქტოვი.

ელა პამფილოვა, რუსეთის ფედარციის ცესკოს თავმჯდომარე
ელა პამფილოვა, რუსეთის ფედარციის ცესკოს თავმჯდომარე

რუსი ექსპერტები განაგრძობენ 2021 წლის არჩევნების შედეგების გაანალიზებას, თუმცა ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ დისტანციური ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ისეა შემუშავებული, რომ შეუძლებელი იყოს თაღლითობის 100%-იანი მტკიცებულების წარმოდგენა. უნდა ითქვას, რომ ეს არ იყო პირველი ელექტრონული კენჭისყრა რუსეთში. რუსეთში ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენებით ხმის მიცემა სამ არჩევნებში გამოიცადა: 2019 წელს, მოსკოვის სათათბიროს დეპუტატების არჩევნებში; 2020 წელს, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისას და სახელმწიფო სათათბიროში დამატებითი არჩევნების დროს. ცესკოს მონაცემებით, დეკ-ში აქტივობა ყოველთვის აღემატებოდა 90%-ს.

ვინ მიიღო მონაწილეობ დისტანციურ ელექტრონულ კენჭისყრაში?

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, დისტანციური ელექტრონული კენჭისყრა (დეკ) მხოლოდ შვიდ რეგიონში გაიმართა: მოსკოვში, ოკუპირებულ სევასტოპოლში; ნიჟნი ნოვგოროდის, იაროსლავლის, კურსკის, მურმანსკის და როსტოვის რეგიონებში. დეკ-ის ყველა მონაწილე რეგისტრირებული იყო საჯარო სერვისების ერთიან პორტალზე, ამ სისტემაში დადასტურებული ანგარიშით.

დეკ-ით სარგებლობის საშუალება ჰქონდათ თვითაღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებლებს, რომლებმაც მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით, მაგრამ არ აქვთ მუდმივი რეგისტრაცია რუსეთის ტერიტორიაზე და ამჟამად მუშაობენ როსტოვის რეგიონში.

რუსეთის ცესკოს აზრით, დეკ-ის ჩატარების ექსპერიმენტი მომავალში საშუალებას იძლევა მოეწყოს დისტანციური კენჭისყრა რუსეთს გარეთაც.

სახელმწიფო დუმის დსთ -ს საკითხებში, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვიქტორ ვოდოლაცკის თქმით, დონბასის ტერიტორიაზე 611 ათასი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს.

რუსეთის ცესკოს მონაცემებით, დეკ-ისთვის შერჩეულ შვიდ ტერიტორიულ ერთეულში დაახლოებით 16 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომელთაგან 10 მილიონს აქვს დადასტურებული ანგარიში რუსეთის საჯარო მომსახურების პორტალზე.

როგორია დეკ-ში რეგისტრაციის პროცედურა?

დეკ-ში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. 17-19 სექტემბრის არჩევნებისთვის განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იყო საჯარო მომსახურების ერთიან პორტალზე (მოსკოვში mos.ru პორტალზე მომხმარებლის პირად ანგარიშზე) 2 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით. განაცხადი უნდა შეიცავდეს გვარს, სახელს, მამის სახელს, დაბადების თარიღს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მობილური ტელეფონის ნომერს, პასპორტის მონაცემებს და ა.შ.

ამომრჩეველს უფლება ჰქონდა განაცხადი გაეუქმებინა არაუგვიანეს 13 სექტემბრისა. დეკ-ში მონაწილეთა სიების ფორმირების შემდეგ, გადაწყვეტილების შეცვლა აღარ შეიძლება. როდესაც ამომრჩეველი დარეგისტრირდება ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაში, მისი მონაცემები იშლება საარჩევნო უბნის სიიდან, შესაბამისად, ის ვერ შეძლებს ხმის მიცემას ქაღალდის ბიულეტენით. თუ, მიუხედავად ამისა, ამომრჩეველი მაინც მივა საარჩევნო უბანზე არჩევნების დღეებში, მას იქაც შესთავაზებენ ხმის ელექტრონულად მიცემას.

როგორ ტარდება ელექტრონული კენჭისყრა?

არჩევნების დღეებში 17-19 სექტემბერს დეკ-ში მონაწილეობის მისაღებად, უკვე რეგისტრირებული მოქალაქე გადის იდენტიფიკაციისა და ავტორიზაციის პროცედურებს სპეციალურ პორტალზე vybory.gov.ru (ან mos.ru-ზე მოსკოვში). ხმის მიცემის ეკრანულ ფორმაზე გადასვლის შემდეგ, ამომრჩეველი ადასტურებს თავის ვინაობას მობილური ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებული კოდით. კენჭისყრა ხდება ელექტრონული ბიულეტენების შევსებით. აუცილებელია ამომრჩეველმა დასვას ნიშანი მოწონებული კანდიდატის გვარის გასწვრივ მდებარე სპეციალურ კვადრატში. არასწორად შევსებული ბიულეტენები ბათილად ითვლება.

ამომრჩეველთა ნების ანონიმური შედეგები, მათი მიღებისთანავე, დაიშიფრება სპეციალური დაშიფვრის გასაღების გამოყენებით და შეინახება დეკ-ის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემთა ბაზაში. კენჭისყრის დასრულების შემდეგ შედეგები გაიშიფრება.

საარჩევნო გაერთიანებების, კანდიდატების და საზოგადოებრივი კონტროლის სუბიექტების (საზოგადოებრივი პალატები და საბჭოები) დამკვირვებლებს უფლება აქვთ დააკვირდნენ დეკ-ს, მაგრამ მათი რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს ორისა თითოეული სუბიექტიდან. დამკვირვებლებს უფლება აქვთ გაეცნონ კენჭისყრის მონაწილეთა სიებს, დაესწრონ დაშიფვრის და გაშიფვრის გასაღებების ფორმირებას და ა.შ.

როგორ მუშაობს ელექტრონული ხმის მიცემა?

დისტანციური ელექტრონული კენჭისყრა მიმდინარეობს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. ხმის მისაცემად, ამომრჩეველს არ სჭირდება არჩევნების დღეებში საარჩევნო უბანში მისვლა. ხმის მიცემა შესაძლებელია კომპიუტერით ან ტელეფონით. რუსეთის ცესკოს მონაცემებით, დეკ-ში აქტივობა საშუალოდ 90%-ს აღემატება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG