Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი დღე არჩევნებამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 სექტემბერს


„ვერ გაბედავს“ - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე

„ვერ გაბედავს ამის გაკეთებას“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის საარჩევნოდ საქართველოში დაბრუნდება: „მას ამის არც შნო აქვს და არც რესურსი“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისი სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილს „მიზეზების და საბაბების ძებნა არ გაუჭირდება“, თუმცა „შეიძლება ბევრ რაღაცას დააბრალოს“.

ირაკლი კობახიძე გუშინ პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიასაც გამოეხმაურა. გახარიამ ერთი დღით ადრე ბიძინა ივანიშვილის შესახებ თქვა, რომ მან მისი და საქართველოს მოქალაქეების ნდობა არ გაამართლა.

ამის პასუხად ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ექსპრემიერი „მორალურ ფსკერზე დაეშვა“.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

მომდევნო 90 დღის განმავლობაში ამცრელი ბრიგადები კიდევ უფრო მობილურები უნდა გახდნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი ახლა ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება უნდა იყოს.

გამყრელიძის შეფასებით, გამაძლიერებელ ანუ ე.წ. ბუსტერ დოზებზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, როცა ქვეყანაში მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი აიცრება.

მან ასევე ისაუბრა პირბადეების ტარების აუცილებლობაზე და თქვა, რომ პირბადე ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 43%-ს უკეთია, რაც ეპიდემიოლოგიურ სურათზე უარყოფითად აისახება.

წაიკითხე მეტი.

პირველი შედეგები გერმანიის არჩევნებიდან

ეგზიტპოლების მიხედვით, ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია და მისი მთავარი კონკურენტი „სოციალ-დემოკრატები“ თანაბარი შედეგებით ასრულებენ არჩევნებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ს ეგზიტპოლების მონაცემებით, „სოციალ დემოკრატებს“ 25,5%, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატებს“ 24,5% აქვთ. ამავე შედეგებით მესამე ადგილზე გავიდა „მწვანეთა პარტია“.

ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია მერკელის პარტიისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ 40%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა ლარს კლინგბაინმა განაცხადა, მის პარტიას მთავრობის შექმნის მანდატი აქვს. გერმანიის საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს კოალიციური მთავრობების შექმნას. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამარჯვებულ პარტიას არასოდეს ჰქონია 31%-ზე ნაკლები.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 60.4 მილიონამდე ადამიანს ჰქონდა. ამ არჩევნებით გერმანიაში დასრულდება ანგელა მერკელის კანცლერობის 16-წლიანი პერიოდი.

თვალი ადევნე სიახლეებს რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ერდოანმა მიანიშნა, რომ განიხილავს რუსეთისგან მეტი S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მიანიშნა, რომ განიხილავს რუსეთისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის შეძენას.

ნატოს წევრი თურქეთი ულტრათანამედროვე ავიაგამანადგურებლის, F-35-ის პროგრამიდან გამოაძევეს და თურქეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა მიმართ სანქციები დაწესდა მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინა 2019 წელს.

აშშ აცხადებს, რომ ნატოში რუსული სისტემების გამოყენება საფრთხეს შეუქმნის F-35-ებს. თავის მხრივ, თურქეთი აცხადებს, რომ S-400 სისტემები შეიძლება დამოუკიდებლად იქნეს გამოყენებული, ნატოს სისტემებში ინტეგრაციის გარეშე.

ერდოანმა აშშ-ის ტელეარხ CBS-ს უთხრა, რომ თურქეთს არ მისცეს ალტერნატივის სახით ამერიკული Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენის საშუალება. მან ასევე დაიჩივლა, რომ აშშ-მა არ მიაწოდა მას F-35 გამანადგურებლები, თუმცა თურქეთმა 1,4 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

წაიკითხე მეტი.

თალიბანმა საერთაშორისო ავიაკომპანიებს მოუწოდა, განაახლონ ავღანეთში ფრენა

თალიბანის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ავიაკომპანიებს მოუწოდეს, განაახლონ ავღანეთში ფრენა. მათი თქმით, ავღანეთის აეროპორტში პრობლემები მოგვარებულია.

განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა 26 სექტემბერს. ავღანეთის ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს, გახსნას ქვეყანა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს.

გასულ თვეში, როცა თალიბანის მებრძოლები დედაქალაქ ქაბულში შეიჭრნენ, მათ ფაქტობრივი კონტროლი დააწესეს აშრაფ ღანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე.

აეროპორტი, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული ქაოსური ევაკუაციის დროს დაზიანდა, კვლავ გაიხსნა ყატარისა და თურქეთის ტექნიკური ჯგუფების დახმარებით.

წაიკითხე მეტი.

“ჩართეთ უცებ”, - როგორ წყვეტს სუს-ი, ვის მოუსმინოს

ფაილები, რომლებიც, დიდი ალბათობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არის გამოჟონილი, გარდა იმისა, რომ შესაძლო დანაშაულებსა თუ უკანონო მოსმენებზე მიუთითებს, აღწერს მომსმენების ქცევას - რა შემთხვევაში, როგორ და რატომ იწყებენ მოსმენას.

ფაილები ათეულობით ადამიანის პირად საუბრებს აღწერს. შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება იმის დადგენა, ვის უსმენდნენ მუდმივად. დოკუმენტების მიხედვით, რომელიც 12 სექტემბერს გაავრცელა უცნობმა წყარომ, დგინდება ისიც, თუ როგორ მარტივად ხდება "მოსმენაზე ჩართვა" და რომ ამისთვის სასამართლოს ნებართვა საჭირო სულაც არ არის.

თუ გავრცელებული ფაილები ავთენტიკურია, მაგალითად, 2020 წლის 14 მარტით დათარიღებული ჩანაწერის მიხედვით, პარლამენტის მოქმედ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას უსმენდნენ. ანგარიშში მოხვდა მასსა და სასულიერო პირს - დეკანოზ მამა დავით შარაშენიძეს შორის საუბარი, რომელშიც თინა ბოკუჩავა ეკითხება სასულიერო პირს, შეიძლება თუ არა, რომ იმ საკითხზე, რომელზეც მისგან რჩევის მიღება უნდა, დეკანოზის სახლში ისაუბრონ. მას შემდეგ, რაც მომსმენები იგებენ, რომ ბოკუჩავამ და სასულიერო პირმა, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ საკითხებზე უნდა ისაუბრონ, დეკანოზი მოსასმენი პირების ჩამონათვალში ხვდება.

წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

22 სექტემბერს ბათუმში ძლიერი წვიმის დროს ათეულობით ქუჩა დაიტბორა. წყალდიდობამ დააზარალა 100-ზე მეტი ოჯახი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილები. ბათუმის მერია ქალაქის დატბორვას სტიქიურ წვიმას უკავშირებს. დაზარალებული ბათუმელების ნაწილი კი ამბობს, რომ წყალდიდობა მას შემდეგ გახშირდა, რაც რამდენიმე წლის წინ ქუჩებზე გზა დააგეს და სანიაღვრო სისტემა შეცვალეს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG