Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რეიტინგების ომი" და თვითმმართველობის არჩევნები


პოლიტიკური ჭიდილით, დაძაბულობითა და მოწოდებებით, 2 ოქტომბრის არჩევნები ექსპერტებს არა თვითმმართველობის, არამედ უფრო საპარლამენტო არჩევნებს აგონებს.

თვითმმართველობის არჩევნებს წელს თან ახლავს ე.წ. რეიტინგების ომიც - მწვავე პოლიტიკური დისკუსიების საბაბი. IPSOS-გლობალის ახალ კვლევაზე დაყრდნობით, ოპოზიცია კიდევ უფრო დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გადალახავს 43%-იან ბარიერს და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ხოლო ხელისუფლება კვლავაც აცხადებს, რომ არანაირი 43%-იანი ბარიერი არ არსებობს და პოლიტიკური ოპონენტები კი გაყალბებულ რეიტინგებს ეყრდნობიან.

  • რას გვაჩვენებს ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები?
  • რა მიზნები ამოძრავებს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს?

ბოლო კვირებში ჩატარდა არაერთი საზოგადოებრივი გამოკითხვა როგორც ტელევიზიების, ასევე პარტიების დაკვეთით. შედეგებზე დაყრდნობით, პოლიტიკური მხარეები ცდილობენ, რომ საზოგადოება თავიანთ უპირატესობასა და გამარჯვების შანსებში დაარწმუნონ.

კვლევები და ოპოზიციის მიზნები

ტელეკომპანია „მთავარისთვის“ IPSOS-გლობალის მიერ შესრულებული კვლევის თანახმად, პარტიების პირველ სამეულში პროცენტები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 35%;
  • „ნაციონალურ მოძრაობა“ - 30%;
  • „საქართველოსთვის“ - 9%.

სამეულს მოსდევენ: „ევროპული საქართველო“ - 4%, ხალხისთვის - 4%, ლელო - 3%, მესამე ძალა - 3%, ლეიბორისტული პარტია - 3%, გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%, პატრიოტთა ალიანსი - 2%, დროა - 1%, მოქალაქეები - 1% და სხვა პარტიები - 3%.

მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლევის მიხედვით ერთად შეკრიბა ოპოზიციურად განწყობილი ყველა პარტიის პროცენტები, რაც ასეთ სურათს იძლევა: ოპოზიცია - 65%, „ქართული ოცნება“ – 35%.

ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია არჩევნებამდე დარჩენილ დღეებს ითვლის და აცხადებს, რომ ოპოზიციის გამარჯვებამდე და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე სულ ცოტა რჩება.

ძირითადი ოპოზიციური პარტიებისთვის ამ არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს 43%-ზე მეტი და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

ასეთი დათქმა ჩადებული იყო 19 აპრილს ხელმოწერილ „შარლ მიშელის შეთანხმებაში“ და მიუხედავად იმისა, რომ მას ცალმხრივად გაემიჯნა „ქართული ოცნება“, ოპოზიციას კვლავაც სჯერა, რომ - „ოცნება“ თავს ვერ აარიდებს ამ ვალდებულებას.

ოპოზიცია მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლას სთხოვს და შიგადაშიგ იმასაც უმეორებს - რომ შეუძლიათ, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მისცენ ხმა, ოღონდ არა - „ქართულ ოცნებას“.

  • „მკაფიო მარცხი ელის ივანიშვილის რეჟიმს. ეს გარდაუვალი იქნება, თუ თუ ჩვენი მოქალაქეები მოვლენ ამ არჩევნებზე და თავის თავისუფალ ნებას დააფიქსირებენ... იმიტომ გავიდნენ („ქართული ოცნების“ წარმომადგენლები) ვალდებულებიდან, რომელიც თავადვე აიღეს, რომ შედეგის ეშინიათ“ - გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“;
  • „იქნება 43%-ზე ნაკლები?! გვექნება სრული მხარდაჭერა ამერიკის, ევროპის, რადგან ქართველი ხალხის ნებაა ეს და დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისევე, როგორც ვაიძულეთ „ქართული ოცნება“, რომ მოეწერა ხელი „შარლ მიშელის შეთანხმებისთვის“ 19 აპრილს“ - გიორგი ვაშაძე, „მესამე ძალა“/„სტრატეგია აღმაშენებელი“.

„ქართული ოცნება“ 43%-იან ნიშნულს ვერც ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევით აბიჯებს. 9 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის პირველ სამეულში ადგილები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 33%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 25%;
  • „საქართველოსთვის“ - 10%.

მათ მოსდევს: ლეიბორისტული პარტია - 6%; გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%; ლელო - 3%; ხალხისთვის - ანა დოლიძე - 3%; პატრიოტთა ალიანსი - 3%; მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 2%; ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 2%; გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2%; ერი - ლევან ვასაძე - 2%; დროა - ელენე ხოშტარია - 1%; მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%; სხვა - 2%;

აგვისტოში პარტიული კვლევების ნაწილი გამოაქვეყნა ენმ-მა. რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პარტია აცხადებდა, რომ „ქართული ოცნება“ 35%-ზე მეტს ვერსად აგროვებს.

2 აგვისტოს გამოქვეყნდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევა. პირველი სამი პარტიის რეიტინგები ასეთია (პირველი არჩევანი): "ქართული ოცნება" - 26%; "ნაციონალური მოძრაობა" - 14%; "საქართველოსთვის" - 9%.

IRI-ის ბოლო კვლევით, ჯგუფში - „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ - რესპონდენტების 27% ერთიანდებოდა.

12 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევაში პარტიების რეიტინგის გამოვლენა გაუჭირდა აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიულ“ ინსტიტუტს (NDI) .

„პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება... ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული“, - აცხადებდა NDI.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ზვიად აბაშიძე გვეუბნება, რომ საქართველოში გამოკითხვის შედეგების მიმართ აშკარა უნდობლობაა და „ამ კვლევების გადამოწმება მხოლოდ არჩევნების შედეგებით შეიძლება ხოლმე და არა პირიქით“.

აბაშიძე ვარაუდობს, რომ ამ არჩევნებზე 40%-ზე მეტს ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს, თუმცა ის არც „სიურპრიზებს“ გამორიცხავს და უპირატესად - გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხარჯზე.

საერთო ფონის გათვალისწინებით, აბაშიძე მოელის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველი იაქტიურებს.

„ამ არჩევნებზე პარტიების მხრიდან ვხედავთ ამომრჩეველთა მობილიზებაზე იმგვარ მუშაობას, რაც დამახასიათებელია არა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ - საპარლამენტო არჩევნებისთვის და ვფიქრობ, რომ ხალხი ამ არჩევნებზე მივა ისე, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე მიდის“, - გვეუბნება აბაშიძე.

ამომრჩეველთა აქტიურობის მისამართით შედარებით სკეპტიკურად არის განწყობილი „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი, კორნელი კაკაჩია.

როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ოპოზიციას რეგიონებში ამომრჩევლების მობილიზება გაუჭირდება.

„ვერ გავიზიარებ შეხედულებას, რომ მომავალ არჩევნებს საზოგადოება რეფერენდუმად განიხილავს, რაზეც ოპოზიცია ლაპარაკობს. მე რასაც ვუყურებ, აზრი გაყოფილია... ხალხის ნაწილი რჩება იმ აზრზე, რომ ამ ადგილობრივი არჩევნებით ბევრი ვერაფერი შეიცვლება“, - გვეუბნება კაკაჩია, რომელიც ამჟამად ზუგდიდში იმყოფება.

მისი შთაბეჭდილებით, 2 ოქტომბერს „ნამდვილად დაძაბული არჩევნები იქნება“.

კვლევები და ხელისუფლების მიზნები

IPSOS-გლობალის კვლევის შედეგებს არაფრად თვლის „ქართული ოცნება“ და, კვლევითი ორგანიზაციის საერთაშორისო ავტორიტეტის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 სექტემბერს რეიტინგებს „გაყალბებულიც“ უწოდა.

„თქვენ ცდილობთ, რომ მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ ძალიან რთულია ჩვენი ხალხის მოტყუება დღეს უკვე. მიუხედავად თქვენი პროპაგანდისა, ჩვენ ანალიზს ვუკეთებთ და კარგად ვარჩევთ თეთრსა და შავს... თქვენ უბრალოდ იყენებთ საერთაშორისო კომპანიის სახელს და შემდეგ კვლევას ატარებს ადგილობრივი კომპანია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა „მთავარი“ არხის ჟურნალისტის მიერ კვლევების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელი გამარჯვების იმედი აქვს.

ბოლო თვეებში ხშირად ქვეყნდებოდა პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ საქართველოს დიდ ქალაქებსა და თბილისის ოლქებში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, მაჩვენებლები არ ჩამოუვარდება 48%-ს, ხოლო მთელ რიგ შემთხვევებში 55%-საც აჭარბებს.

ასე მაგალითად, 10 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თბილისში კახა კალაძის რეიტინგი 57.9%-ია; ხოლო პარტია „ქართული ოცნება“ - 50.9%-იანი რეიტინგით სარგებლობს.

აგვისტოს მიწურულს „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ (GORBI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

ამ კვლევის თანახმად, პირველ სამეულში პროცენტები ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ - 47,2%;
  • „ნაციონალური მოძრაობა“ - 26,8%;
  • „საქართველოსთვის“ - 6,9%.

დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.4%; „ლელო“ - 2,6%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2,4%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2,1%; „მოქალაქეები“, - 1,6%; „ევროპული საქართველო“ - 1,4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 1,2%; „გირჩი“ - 0,8%; სხვა პარტიები - 3,6%.

მას შემდეგ, რაც „შარლ მიშელის შეთანხმებას“ ცალმხრივად გამოეთიშა, „ქართული ოცნება“ მუდმივად იმეორებს, რომ 43%-იანი ზღვარი ბუნებაში აღარ არსებობს და როგორიც უნდა იყოს პარტიის მაჩვენებელი, რიგგარეშე არჩევნები მაინც არ დაინიშნება.

თუმცა, კორნელი კაკაჩიას დაკვირვებით, ხელისუფლების ქმედებები საპირისპიროზე მიანიშნებს და აშკარად იგრძნობა, რომ „ოცნება“ 43%-იან ზღვარზე მაინც ფიქრობს.

„მმართველი პარტიის ლიდერები ყოველდღე გამოდიან და ლანძღავენ ხან ოპოზიციას, ხან სამოქალაქო საზოგადოებას და ხანაც ჟურნალისტებს. თუ ეს ერთი ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რასაც სულ აღნიშნავენ, მაშინ რა საჭიროა ამდენი აგრესია და აქტიურობა - შეხვედრები ეკლესიის წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ...

ჩანს, რომ მობილიზაციას ახდენენ, რადგან იციან, რომ თუკი ვერ გადალახავენ 43%-იან ზღვარს, ეს ფაქტი როგორც მორალური, ასევე პოლიტიკურ მნიშვნელობის ტვირთი იქნება მათთვის, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების თვალში“, - გვეუბნება კაკაჩია.

ხელისუფლება 43%-ზე მეტის მიღებას რომ ყველანაირად ცდილობს, ეს აშკარაა ზვიად აბაშიძისთვისაც და მისთვის ამაზე 41-ნომრიანი ლურჯი ბანერების თვალშისაცემი სიმრავლეც მეტყველებს.

„ბანერების უდიდესი ნაწილი სწორედ სამთავრობო გუნდის არის“, - გვეუბნება აბაშიძე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG