Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ავღანეთი ეკონომიკური და სოციალური სისტემის ნგრევის წინაშე დგას


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, განაცხადა, რომ ავღანეთი აწყდება ეკონომიკური და სოციალური სისტემის ჩამოშლას, რამაც შესაძლოა დააზიანოს როგორც ქვეყნის მოსახლეობა, ისე რეგიონული უსაფრთხოება.

„სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე მდგარ ავღანეთს უახლოვდება სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც საშიში იქნება ავღანეთის, რეგიონისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, - დაწერა თავის ტვიტერში ბორელმა.

დოჰაში, სადაც თალიბებს თავიანთი წარმომადგენლობის ოფისი აქვთ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი გასულ კვირაში კატარის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდა.

ბორელმა აღნიშნა, რომ მსჯელობის საგანი იყო ავღანეთში შექმნილი ვითარება და იმ პირობების შესრულება თალიბების მიერ, რაზეც დამოკიდებული იქნება საერთაშორისო დახმარების გაზრდა.

მას შემდეგ, რაც თალიბებმა აგვისტოს ბოლოს ხელთ იგდეს ძალაუფლება ავღანეთში, ქვეყანაში სწრაფად იზრდება ფასები სამომხმარებლო საქონელსა და სურსათზე, ხოლო საგარეო შემოსავლების დაკარგვამ გამოიწვია ინფლაცია და საბანკო სისტემის კოლაფსი.

ბორელმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ თუ ასეთი სიტუაცია ზამთრამდეც არ შეიცვალა, მაშინ არსებობს საფრთხე იმისა, რომ „ვითარება გადაიზარდოს ჰუმანიტარულ კატასტროფაში“, რომელიც მოახდენს ავღანელთა მასობრივი მიგრაციის პროვოცირებას მეზობელ სახელმწიფოებში.

XS
SM
MD
LG