Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Facebook - გათიშვა ხმამაღალი ბრალდებების ფონზე


4 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 6-ის ნახევარზე, თითქმის სამი მილიარდი ადამიანი დარჩა ფეისბუკის გარეშე. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელთან ერთად, გაითიშა ასევე მისი კუთვნილი ინსტაგრამი და მესენჯერი ვათსაპი. იქამდე ცოტა ხნით ადრე ონლაინ პლატფორმების მიმართ ახალმა ბრალდებებმა გაიჟღერა.

სამივე პლატფორმა დაახლოებით 6 საათი არ მუშაობდა. ეს ყველაზე ხანგრძლივი “უფეისბუკობაა” 2008 წლის შემდეგ. მაშინ სოციალური ქსელი თითქმის ერთი დღე და ღამე იყო გათიშული. განსხვავება იმაშია, რომ 13 წლის წინ ფეისბუკს “სულ რაღაც” 80 მილიონი მომხმარებელი ყავდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ, მარკ ზაკერბერგი ცოტათი გაღარიბდა. მან 6 მილიარდი დოლარი დაკარგა და Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების ლაივ-სიაში მესამე პოზიციიდან მეექვსეზე ჩამოქვეითდა - 5 ოქტომბრისთვის მისი ქონება 118,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჯაჭვური რეაქცია

გათიშვამ პრობლემები შეუქმნა სხვა სერვისებს. შენებლებულად მუშაობდა Google, Youtube, Telegram, Tiktok და Twitter - კომუნიკაციის გარეშე დარჩენილ მილიონობით ადამიანს ალტერნატივა დასჭირდა.

“ცოტათი შევნელდით, მაგრამ ვქაჩავთ” - დაწერა Twitter-ზე Telegram-ის ოფიციალურმა ანგარიშმა.

Twitter-ის ადმინისტრაციამ მოულოდნელად გაზრდილი პოპულარობით ისარგებლა.

“გამარჯობა უკლებლივ ყველას” - ირონიულად დაწერეს მათ.

პოსტმა სამ მილიონზე მეტი მოწონება მოაგროვა.

Motorola-მ კი პოსტი უსაქმურად დარჩენილ სოც.მედია მენეჯერებს მიუძღვნა.

რა დაემართა?

ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს. კომპანიის წარმომადგენლებმა დანამდვილებით თქვეს, რომ კიბერშეტევა არაფერ შუაში იყო, რადგან “პრობლემური” სერვერები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ. მოგვიანებით ტექნიკური გუნდის გვერდზე ოფიციალური ახსნა-განმარტება გამოქვეყნდა. კომპანიის მტკიცებით, სერვისის გათიშვა გამოიწვია ქსელური ტრაფიკის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი მაგისტრალური მარშრუტების გადაწყობამ. შედეგად, გაწყდა კავშირი მონაცემთა ცენტრებს შორის და სერვერებიც გაითიშა.

ამის მიზეზი, განცხადების თანახმად, შიდა შეცდომა გახდა. კომპანია ხაზგახსმით აღნიშნავს - “არ არსებობს მომხმარებლების მონაცემების კომპრომენტირების არავითარი მტკიცებულება”.

მომხმარებლებს მოუბოდიშა მარკ ზაკერბეგმაც.

ბოდიშს გიხდით დღეს შექმნილი დაბრკოლებებისთვის. ვიცი, რამდენად ეყრდნობით ჩვენს სერვისებს იმისთვის, რათა დაუკავშირდეთ იმ ადამიანებს, ვიზეც ზრუნავთ. - დაწერა.

გათიშვა ხმამაღალი ბრალდებების ფონზე

ტექნიკურ გაუმართავობამდე ცოტა ხნით ადრე ზაკერბერგის პლატფორმების მისამართით ახალმა ბრალდებებმა გაიჟღერა - თინეიჯერებზე სახიფათო კონტენტის “დამიზნება” და მათი მენტალური ჯანმრთელობის დაზიანება, არასათანადო ყურადღება სიძულვილის ენისა და კორონადეზინფორმაციის მიმართ და მეტისმეტი პრივილიგიები VIP მომხმარებლებისთვის. (მათზე არ ვრცელდება პოსტების შინაარსთან დაკავშირებული ის შეზღუდვები, რასაც ფეისბუქი სხვებს უწესებს)

ბრალდებები Wall Street Journali-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეყრდნობა.

30 სექტემბერს, აშშ-ის სენატში გამართულ პირველ მოსმენაზე, გამოძიების ერთ-ერთმა ინიციატორმა, დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა, რომ მისმა თანაშემწეებმა ანგარიში 13 წლის გოგოს სახელით შექმნეს. “გოგომ” გამოიწერა რამდენიმე გვერდი სწრაფად გახდომის სხვადასხვა ხერხებზე.

იმისდა მიუხედავად, რომ “ფეისბუკის” პოლიტიკის თანახმად, არ შეიძლება გახდომის ხერხების რეკლამების დაგზავნა ბავშებისთვის,მალევე გოგოს ანგარიშს სწორედ ასეთი რეკლამა “დაუმიზნეს”. მიჩნეულია, რომ ასეთი და მსგავსი შინაარსის გვერდების მოხმარება შეიძლება კვებითი აშლილობის საფუძველი გახდეს.

კიდევ ერთი დემოკრატი სენატორის, ედ მარკის თქმით, ფეისბუკზე დაშვებულია რეკლამა, რომელიც აქეზებს მოზარდებში ტაბლეტებისა და ალკოჰოლის მოხმარებას, მოწევას და აზარტულ თამაშებში ჩართვას.

Wall Street Journal-ს ინფორმაცია ფეისბუკის ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰეიგენმა მიაწოდა. იგი ამბობს, რომ კორპორაციაში ორ წელიწადზე მეტ ხანს იმუშავა და ამ ხნის განმავლობაში დარწმუნდა - ფეისბუკის გუნდმა კარგად იცის, რომ ადამიანებს ზიანს აყენებს. მაგრამ “მათთვის შემოსავალი უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანია”.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG