„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებდა, რათა ხელისუფლებას ძვირად დასჯდომოდა იმ 43%-ის გადალახვა, რომელიც, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, სინამდვილეში არ გადაულახავს:
„ანუ ახლა ჩვენ ვართ დილემის წინაშე, რომ, ერთის მხრივ, არ ვაღიარებთ იმას, რომ 43 პროცენტზე მეტი აიღო ხელისუფლებამ, მაგრამ, მეორეს მხრივ, მივდივართ მეორე ტურებში. ამას გარკვეული გამართლება აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება ყველამ, რომ არ გაგვემწვავებინა კიდევ სიტუაცია და რაღაც ბოლო შანსი გამოგვეყენებინა არჩევნების გზით იმისა, რომ დაგვემტკიცებინა ის, რომ ნამდვილად „ქართული ოცნება“ არ ფლობს ისეთ მხარდაჭერას, როგორზეც ლაპარაკობს და რა ციფრებსაც წერს. თუმც ისეთი მძიმე რესურსი აქვს ხელისუფლებას, უზარმაზარი ფინანსური რესურსის სახით, უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსის სახით და დაშინების სახით, რომ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება მეორე ტურების სახით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „დღის საუბრებში“.
გადაცემაში მან აღნიშნა, რომ მისი პარტია, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ ყველგან დაუჭერს მხარს მეორე ტურებში გასულ ოპოზიციონერებს.
„მნიშვნელოვანია, რომ სრულიად ოპოზიცია იყოს გაერთიანებული ყველგან აბსოლუტურად, სადაც კი არის მეორე ტურები. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, არც ვიცი, სიმართლე გითხრათ, რამდენიმე ადგილის გარდა, სად რომელი პარტიის წარმომადგენელი მაჟორიტარებია თუ მერობის კანდიდატები. არც ვკითხულობ. ვიცი, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები გავიდნენ მეორე ტურში, მაგრამ ვინც არ უნდა გასულიყო, მე ჩავთვლიდი, რომ ჩვენ მისთვის მხარი უნდა დაგვეჭირა. ასე ვართ მაჟორიტარებთან მიმართებაშიც, ჩვენი პარტია ნებისმიერს ვუჭერთ მხარს, გარდა „ქართული ოცნებისა“ იმიტომ, რომ რეფერენდუმი და ვადამდელი არჩევნები ამ ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „დღის საუბრებში“.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი, მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრები ეყოლება კიდევ ხუთზე მეტ პარტიას.
ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევდა ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. შარლ მიშელის დოკუმენტის ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, 2 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ 1%-იანი შედეგის შემთხვევაშიც კი არ ჩატარდებოდა.
დაწერეთ კომენტარი