Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზადება მეორე ტურისთვის - ვინ შემოხაზავს 5-იანს?


არჩევნების მეორე ტურების წინ, „ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციებს მართავს ოპოზიციურ პარტიებთან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი მიზანი ოპოზიციური კანდიდატების გარშემო მხარდაჭერის მობილიზება, დახმარების გზების შეთანხმება და თვითმმართველ ქალაქებში ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობების წარდგენაა.

30 ოქტომბრისთვის ოპოზიციის მთავარ ამოცანას, მათ შორის - დიდ ქალაქებში, მერების პოსტების მოგება წარმოადგენს. მეორე ტურში ყველა ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერის საჯარო მზაობა აქვს გამოცხადებული რამდენიმე ძირითად ოპოზიციურ პარტიას, რამდენიმე - ჯერ ისევ ფიქრობს. მკაფიო უარი ისმის ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიისგან.

ძალების გაერთიანებისთვის

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობისთვის ბრძოლაში 20-დან 17 შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ კონკურენტია „ნაციონალური მოძრაობა“. ამ 17-დან 5 შემთხვევაში კი, ენმ-ის კანდიდატებს მმართველი პარტიის კანდიდატზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ.

ერთ-ერთი ასეთი ქალაქია - ქუთაისი, სადაც ენმ-ის წევრის, ხატია დეკანოიძის მაჩვენებელი 43.34%-ს შეადგენს, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ მის კონკურენტს ხმების 41.45% აქვს მიღებული.

„გამარჯვებისთვის ვემზადებით. ძალიან მნიშვნელოვანია, დიდმა ქალაქებმა აჩვენონ „ქართულ ოცნებას“, რომ არ სურთ მისი ყოფნა ხელისუფლებაში. ჩვენ გვექნება კოალიციური განაცხადი და ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ყველა ოპოზიციურ ძალასთან. გვაქვს მხარდაჭერის იმედი...

კონსულტაციები შეეხება ასევე კოორდინირებულ მოქმედებებს მეორე ტურებისთვის. კოორდინაცია ჩვენ პირველი ტურის დროსაც გვქონდა და იმიტომ ვაჩვენეთ ასეთი მაღალი შედეგი“, - გვეუბნება დეკანოიძე.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ენმ-ის თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი, ნიკა მელია, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების გზით, კოალიციური მთავრობის კანდიდატების შერჩევის გეგმაზე მუშაობს.

ენმ-ში ამბობენ, რომ ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობა, პარტიების მრავალფეროვანი შემადგენლობით, წარდგენილი იქნება 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში).

ეს იდეა მელიას პირველი ტურის წინაც ჰქონდა, თუმცა მაშინ ძალების გაერთიანება მხოლოდ რამდენიმე პარტიასთან მოხერხდა. ამ გაერთიანების მიერ საკრებულოს თავმჯდომარედ „დროას“ ლიდერი - ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცე-მერად „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი, ცოტნე კობერიძე დასახელდნენ.

ერთმანეთთან კოორდინაციაში მყოფმა პარტიებმა პირველ ტურში ყველგან ვერ მოახერხეს საერთო კანდიდატების დასახელება და ასე იყო, მაგალითად, ენმ-ისა და „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაში.

დღეს „ევროპულ საქართველოში“ კოალიციაზე ლაპარაკს ერიდებიან, თუმცა პარტიის თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მკაფიოდ მოუწოდებს ამომრჩევლებს - მეორე ტურებში ხმა ოპოზიციის კანდიდატებს მისცენ. ამ პარტიამ არჩევნებზე ცესკოს მონაცემებით თბილისში 1.18%, ხოლო საქართველოს მასშტაბით - 1.66% მიიღო.

ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის ხმის მიცემას ბოკერია რიგგარეშე არჩევნებთან ქვეყნის დაახლოების აუცილებელ პირობადაც განიხილავს.

„მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მომხრეს და ყველას, ვისაც ხმას მივაწვდენთ, რომ პრინციპულია ახლა (არჩევნებზე) მისვლა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემა, ანუ ოპოზიციის კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა...

მშვიდობიანი მეთოდებით ვადამდელი არჩევნების ჩატარების იძულება დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო წნეხზე... ამ ამოცანას რომ დავუახლოვდეთ, საჭიროა მეორე ტურებზე მისვლა და ამ რეჟიმის დამარცხება მერობის არჩევნებზე და საკრებულოების არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტ ადგილას“, - თქვა გიგა ბოკერიამ 6 ოქტომბერს.

ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების მობილიზება არცთუ იოლ ამოცანად და პროგნოზირებად პროცესად მიაჩნიათ ექსპერტებს. მათი შეფასებით, მე-5 ნომრის შემოხაზვა არ იქნება მარტივი გადაწყვეტილება სხვა პარტიების ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილისთვის.

როგორც პოლიტოლოგი გია ნოდია გვეუბნება, მხარდამჭერი პარტიების ლიდერებმა თავიანთ ამომრჩევლებს კარგად უნდა აუხსნან, რომ ენმ-ის კანდიდატების მხარდაჭერა „ამ შემთხვევაში იქნება არა კონკრეტულად ამ პარტიის მხარდაჭერა, არამედ ეს იქნება კარგი ზოგადად ქვეყნისთვის“.

ოპოზიციონერი კანდიდატების გამარჯვების მთავარ სარგებლად ნოდია მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეებში იმ რწმენის განმტკიცებას, რომ მათ ხმას აქვს ძალა და არჩევნების გზით შეიძლება არაერთგან დაამარცხონ სახელისუფლებო კანდიდატი, რაც ასე უჩვეულოა საქართველოსთვის.

ოპოზიციის აქტიურობას ცინიკური განცხადებებით პასუხობენ „ქართული ოცნებიდან“. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მეორე ტურებს ყველგან მხოლოდ თავად მოიგებენ და 2024 წლამდე ქვეყანა არჩევნების გარეშე, მშვიდად იცხოვრებს.

ვინ უჭერს მხარს?

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მხარდაჭერა სრულად შენარჩუნებულია პირველ ტურამდე შექმნილ გაერთიანებაში, სადაც ენმ-თან ერთად, გიგა ბოკერიას, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას პარტიები შედიოდნენ.

ენმ-ს ახლა ის პარტიებიც უჭერენ მხარს, რომლებიც პირველ ტურში უპირატესად მესამე ძალად პოზიციონირებდნენ.

მათგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს - „ლელოს“ (თბილისში - 3.63%, საქართველოში - 2.71 %). პარტიამ პირველი ტურის შემდეგ მალევე განაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს დაუჭერს ყველა ოპოზიციონერ კანდიდატს, რათა „ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს“.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, საბა ბუაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სტუმრობისას თქვა, რომ ეს მხარდაჭერა „აუცილებელი მსხვერპლია“ და ემსახურება კონკრეტულ მიზანს - „ივანიშვილს მიტაცებული სახელმწიფოს რაღაც კონკრეტული ნაწილები გამოსტაცონ“.

ოპოზიციონერი კანდიდატების საჯარო მხარდაჭერა, პირველი ტურის შემდეგ, ასევე ძალიან მოკლე დროში გაახმაურა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა“ (თბილისში - 1.01 %, საქარველოში - 1.34 %) .

ენმ არ უხსენებია, მაგრამ პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 6 აგვისტოს ამომრჩევლებს პირდაპირ მოუწოდა - მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ კონკურენტ კანდიდატებს.

ამასთან, ვაშაძე აცხადებს, რომ - ამომრჩეველთა ხმების დაცვის პროცესში საარჩევნო კომისიებში იაქტიურებენ პარტიის წარმომადგენლები.

ვინ ფიქრობს?

გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია პარტიას „ხალხისთვის“, რომლის ლიდერი, ანა დოლიძე დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში მეოთხე ადგილზე გავიდა (4.59%).

რამდენიმე თვის შექმნილ პარტიას არაერთ ძველ პარტიაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს პარტიული სიებითაც (თბილისში - 2.57 %, საქართველოში - 0.85 %).

ექსპერტების თქმით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ პარტიის მხარდაჭერა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პარტია თავის გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში, სავარაუდოდ - ორშაბათს, გაახმაურებს. მანამდე კი შეეცდება, აზრი პარტიის ყველა წევრისა და მხარდამჭერისგან მოისმინოს.

პარტია აპირებს, რომ ყველას ტელეფონით ან სოციალური ქსელების საშუალებით დაუკავშირდეს.

მისაღებ გადაწყვეტილებას ანა დოლიძემ ამ დღეებში არაერთხელ უწოდა „ისტორიული“ და ისიც თქვა, რომ თვითმმართველობის დონეზე ოპოზიციის გამარჯვებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ძვრების გამოწვევა შეუძლია.

გადაწყვეტილებაზე ჯერ ისევ მსჯელობენ „ლეიბორისტულ პარტიაში“, რომელმაც თბილისში - 1.31 %, ხოლო საქართველოში - 1.38 % მიიღო. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ არაფერი გვითხრა ენმ-თან სავარაუდო კონსულტაციების შესახებ და საბოლოო პასუხს „ამ დღეებში“ დაგვპირდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ პოზიცია ცალსახა და მკაფიო იყო პირველი ტურის წინ - კონსულტაციებისთვის მათ არავინ და მათ შორის, არც „ნაციონალური მოძრაობა“ გაიკარეს.

ვინ არის უარზე?

უარზეა არჩევნების მაჩვენებლებით მესამე პოლიტიკური პარტია - „საქართველოსთვის“, რომლის ლიდერმაც - გიორგი გახარიამ, მერობისთვის ბრძოლაში 9.35% მიიღო.

ენმ-ის შემდეგ, პარტიას ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს სიებითაც - თბილისსა (8.86 %) თუ მთელ საქართველოში (7.79 %).

გახარია ამბობს, რომ მის პარტიას „გონიერი ამომრჩეველი“ ჰყავს; კარგად ხვდება, რომ 2021 წლის „ქართული ოცნება“ 2012 წლის „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა და ამიტომ, მათ მოწოდებებს ვერცკი აკადრებს.

„ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ მათ ვუთხრათ - რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი...

მიზეზი არის ძალიან მარტივი - თვითონ ფაქტი, რომ მათ დაგვიჭირეს ჩვენ მხარი, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციას და იმ ორ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლის და ქვეყანას აბრუნებს წარსულში“, - აცხადებს გახარია.

ნიკა მელია კი ფიქრობს, რომ მხარდამჭერები გახარიას „ბაწრით არ ჰყავს მიბმული“ და ისევე, როგორც ყველა ადამიანს, მის ამომრჩევლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება.

5 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველში“ სტუმრობისას, ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ, პარტიის მიერ ჩატარებული კვლევებით, მასსა და გახარიას შორის ამომრჩევლების ნაწილს არჩევნის გაკეთება უჭირდა. „ბატონ გახარიასა და ჩემს შორის ბევრი ამომრჩეველი იყო დაბნეული“, - თქვა მელიამ.

მელიამ თქვა ისიც, რომ თბილისის საკეთილდღეოდ, ისურვებდა მუშაობას გიორგი გახარიას პარტიასთანაც და მეორე ტურების წინ არასოდეს გამოვიდოდა გახარიას მსგავსი განცხადებებით.

და ბოლოს...

გააქტიურებას გეგმავს „პატრიოტთა ალიანსი“. როგორც პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, „დაწყებულია "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხელისუფლების გადაბარების პროცესი“ და ისინი ამაზე თვალს არ დახუჭავენ.

ინაშვილის პროგნოზით, ბიძინა ივანიშვილი დაახლოებით 6 კვირაში გამოუშვებს ამჟამად დაპატიმრებულ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს და შემდეგ უკვე, 6 თვეში - ენმ-ს მთლიანად გადააბარებს ხელისუფლებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG