Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი თალიბებს მოსკოვში იწვევს


რუსეთის მთავრობა რადიკალური მოძრაობა თალიბანის წარმომადგენლებს მიიწვევს მოსკოვში, სადაც 20 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს ავღანეთის შესახებ ე.წ. მოსკოვის ფორმატის სხდომა. თალიბების მიწვევის განზრახვა ჟურნალისტებს დაუდასტურა ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ იქნება თალიბთა დელეგაციის შემადგენლობაში.

„მოსკოვის ფორმატი“ 2017 წელს შეიქმნა რუსეთის, ავღანეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ირანის და ინდოეთის მონაწილეობით.

რადიკალურმა მოძრაობა თალიბანმა ავღანეთში ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა. თალიბთა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთთან მაღალი დონის ურთიერთობების განვითარებას აპირებენ.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო. ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ალიანსის სხვა სახელმწიფოებმაც და პარტნიორმა ქვეყნებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG