Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების დეტალებს ავრცელებს


შინაგან საქმეთა სამინისტრო Feedс-ის დამფუძნებლის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის დაკავების შესახებ დეტალებს ავრცელებს. ა.ჭ. და გ.კ. სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი.

15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდნენ ნიკა კვარაცხელიას და განზრახვის აღსრულების მიზნით, ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა კვარაცხელიას მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან, გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპერატიულმა ჯგუფმა მიაკვლია იმ ავტომანქანას, რომლითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ.

დადგინდა ავტომანქანის მფლობელიც და მისი ჩვენების საფუძველზე, დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის - გ.კ.-ის ვინაობა. ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მიერ ინტენსიურ რეჟიმში განხორციელებული მუშაობის შედეგად დადგინდა დანაშაულის ჩამდენი - უშუალოდ მსროლელი პირის - ა.ჭ.-ის ვინაობაც.

გამოძიებამ მოიპოვა ბრალდებულთა გადაადგილების ამსახველი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების რამდენიმე ათეული ჩანაწერი და მოხდა მათი დეტალური დათვალიერება.

გაიჩხრიკა ათამდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის გ.კ.-ის მაღაზია, სადაც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რაც ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული:

„საქმეზე ამოღებულ ნივთმტკიცებებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების შედეგად დადგინდა, რომ გ.კ.-ის მაღაზიიდან ამოღებულ ა.ჭ.-ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დენთის კვალი, ხოლო მასზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის გარდაცვლილ ნ.კ.-ს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები, სამართალდამცველებისთვის კვალის არევის მიზნით, პერიოდულად იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას:

„2021 წლის 7 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი წყნეთში დააკავეს. პოლიციის მიერ დადგენილ იქნა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ბრალდებულები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს აფარებდნენ. ორივე ბრალდებულმა დაკავებისას მიმალვა სცადა, თუმცა აქტიური დევნის შედეგად მოხდა მათი დაკავება. ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახი იქნა მათი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, არაფერი თქმულა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მოტივზე.

22 წლის ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს, „ფიქრის გორაზე“ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG