Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა წითლიძემ ზუგდიდის საოლქო კომისიის წინააღმდეგ პროკურატურას პარტიის სახელით მიმართა


ანა წითლიძე
ანა წითლიძე

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას მიმართა განცხადებით, გამოიძიონ არჩევნების გაყალბების მიზნით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დალუქული კონვერტების კანონდარღვევით გახსნის ფაქტები.

განცხადება პროკურატურაში ენმ-ის წევრმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ შეიტანა. მისი სიტყვებით, მოითხოვენ, როგორც მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ღამეს, ასევე დღეს აღმოჩენილი “გაყალბების ფაქტების” გამოძიებას: „ვგულისხმობ დალუქული ბიულეტენების გახსნას, „ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაბათილებული ბიულეტენების ჩადებას და დღეს კიდევ ერთხელ ბიულეტენების უკანონო გახსნას. მოლოდინი იმის, რომ „ქართული ოცნების" პირობებში ეს ხელისუფლება რამეს გამოიძიებს, მე ნამდვილად არ მაქვს. იმიტომ რომ ბევრი ასეთი საქმეა თაროზე შემოდებული. მაგრამ ყველა სხვა ხელისუფლება, და საქართველოში ეს ხელისუფლება შეიცვლება ძალიან მალე, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ძალიან მალე გამოიძიებს ამ საქმეს. მირანდა მესხს ამისთვის აუცილებლად მოუწევს ციხეში ჯდომა”.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიდან პოლიციის დახმარებით გააძევეს დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები. შენობა დაატოვებინეს ჟურნალისტებსაც. შეხლა-შემოხლისას შენობის დერეფანში ავეჯი დაიმტვრა. „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ და „დროას" წარმომადგენლები ეკა ხერხეულიძე, ანა წითლიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია მხარდამჭერებთან ერთად მოითხოვდნენ საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის კაბინეტში შესვლას.

ოპოზიცია მესხს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. საოლქო კომისიის შენობაში დაპირისპირებამდე გამართულ ბრიფინგზე ანა წითლიძემ და საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ პარტიის წარმომადგენელმა მირანდა გოგოხიამ განაცხადეს, რომ ოთახში, სადაც საარჩევნო ბიულეტენები ინახება და დალუქული უნდა იყოს, საოლქო კომისიის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული კომისიის წევრები იმყოფებოდნენ და „ბიულეტენებში იქექებოდნენ“.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებას სიცრუე უწოდა. მესხის თანახმად, ის შენობაში საერთოდ არ იმყოფებოდა, ბიულეტენების ოთახში კი მისი მოადგილე დალუქულ კონვერტებს ახარისხებდა, რისი უფლებაც კანონით აქვს.

მირანდა მესხის განცხადება გამოაქვეყნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელშიც საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მისი თითოეული ქმედება და გადაწყვეტილება არის პირველ რიგში კანონისმიერი.

დაპირისპირების ფონზე ჩატარდა სხდომა საოლქო კომისიაში 7 ოქტომბრის ღამეს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტი გამოიწვია ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარული ოლქის 4 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლის გადაწყვეტილებამ. ხელახლა დათვლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს და პირველივე ტურში იმარჯვებდა. ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ 12, „გახარია - საქართველოსთვის“ 2 და „ნაციონალურ მოძრაობას“ 1 ხმა დაემატა. ხელახლა დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

XS
SM
MD
LG