Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მზადება აქციისთვის - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 ოქტომბერს


შიმშილობის ნეგატიური შედეგები - რას ამბობენ ექსპრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობას განაგრძობს. როგორც გუშინ მისმა ადვოკატებმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ უთხრეს მედიას, სააკაშვილზე უკვე აისახა შიმშილობის ნეგატიური შედეგები, თუმცა ის პროტესტის უკიდურეს ფორმას განაგრძობს.

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკვე შიმშილობა შედის რთულ ფაზაში და შედეგებს ვხედავთ თვალნათლივ - გადაადგილებასთან დაკავშირებით არის პრობლემები, ასევე, მისი განცხადებით, ფეხები დაუსივდა, ასევე, როდესაც საუბრობს, მისი საუბრის მოტორიკა, მისი გადაადგილება, უკვე მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა“, - თქვა მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ. სამინისტრო მიმართავს თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი.

მიხეილ სააკაშვილის პროტესტის პარალელურად მისი გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი აპირებს, რომ 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბოს. უკვე ცნობილია, რომ პროტესტს არ უერთდება „რესპუბლიკური პარტია“, „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“. მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ 14 ოქტომბერს არ იქნება ვიწრო პარტიული შეკრება და ის ელის ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც არ არიან ენმ-ის ამომრჩევლები ან მხარდამჭერები, თუმცა თვლიან, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა გათავისუფლდეს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

"ნატოსკენ სვლის განახლება" - რას უყურებს და რას ხედავს კრემლი საქართველოში?

რუსეთში არ ცხრება ინტერესი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაჭერის ფაქტთან თუ მოვლენების სავარაუდო განვითარებასთან დაკავშირებით.

რუსულენოვანი მედია აქტიურად განიხილავს ამბებს საქართველოდან - მართავს დებატებს, დისკუსიებს, აქვეყნებს ინტერვიუებს, ბლოგებს. რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერებისგან ისმის შეთქმულების თეორიებიც, როგორ "მოახვიეს საქართველოს ამერიკული გეგმები". ამ ყველაფრის ფონზე კი, მოსკოვი ირწმუნება, რომ სააკაშვილი მისთვის საინტერესო არ არის.

„სადაც სააკაშვილია, იქ - ცირკია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცირკი საფრთხეს არ წარმოადგენდეს იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც იმყოფება ეს ბატონი“, - რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ეს კომენტარი ამ დღეებში მრავალჯერ გამოჩნდა სახელისუფლებო ტელეარხის, „რასია 24“-ის (Россия 24) ეთერში.

ერთ-ერთმა სატელევიზიო წამყვანმა კრემლის კომენტარს „მოკლე და გასაგები უწოდა“, თუმცა, თავად ამ ტელეკომპანიამ სააკაშვილის „ცირკს“ ათობით სიუჟეტი, გადაცემა თუ ინტერვიუ მიუძღვნა.

როგორ აღიქვამენ მოსკოვში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას? ამის შესახებ წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შემცირებული ვაქცინაციის ფონზეც კი, კოვიდინფიცირების ნახტომისებურად გაზრდილი მაჩვენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ამის შესახებ, მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში გუშინ განაცხადა. სწორედ სამშაბათს, საქართველოში ვირუსის გამოვლენილი შემთხვევები კიდევ ერთხელ გადასცდა 4 ათასს. სულ გამოვლინდა კორონავირუსის 4775 შემთხვევა.

„დღევანდელი მაჩვენებლები არის ძალიან საყურადღებო, ჩვენ ამას შევისწავლით განსაკუთრებით, რადგან გარკვეული მატება ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, თუმცა გარკვეულწილად უჩვეულოდ მაღალი მატებაა დღევანდელი ციფრი, თუნდაც სამშაბათის ციფრების დაგროვებიდან გამომდინარეც კი - მაინც მაღალი მატებაა. ამას დამატებით მოკვლევა მოჰყვება, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, რაიმე შეზღუდვის შემოღება დაგეგმილი არ არის, „მთავარია მერყეობის ეფექტური მართვა“.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ჩეხეთმა საქართველოს მიერ გაცემული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა

საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ცნობით, ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა.

„სრულად ვაქცინირებისგან მინიმუმ 14 დღე უნდა იყოს გასული, სერტიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს გამოქვეყნებულ ნიმუშს, ვაქცინაცია განხორციელებული უნდა იყოს აღიარებული ვაქცინებით (ევროპის მედიკამენტების სააგენტო, ჯანმო): „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“ ან „ჯონსონის“ ვაქცინებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაიკითხე მეტი.

უკრაინის „ევროპული პერსპექტივა“ და გზავნილი მოსკოვიდან

600 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისკენ მიმართული სამი მნიშვნელოვანი შეთანხმება, - ასეთია კიევში გამართული ერთდღიანი ევროკავშირ-უკრაინის 23-ე სამიტის მთავარი შედეგი, რომელმაც მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო ამბიციური განაცხადის გაკეთებისკენ უბიძგა.

„მოველით, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა და წევრი სახელმწიფოები გაბედულებას და წინდახედულებას გამოიჩენენ უკრაინის, როგორც ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილის დასანახად. ევროპული პერსპექტივის მიცემა უკრაინისთვის, რომელიც ევროკავშირთან ერთად საერთო ფასეულობებს იზიარებს, ლოგიკური და მოსალოდნელი ნაბიჯია. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინა დაჟინებით იმუშავებს ევროკავშირის სახელმწიფოებთან და ყველა თავის პარტნიორთან“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტ, ურზულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სამიტზე ჩასულ ევროკავშირის ლიდერებს მასპინძლისათვის არ მიუციათ არანაირი დაპირება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. თუმცა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა კიევს შესთავაზა სამი გზა, რომლითაც უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს სიარული, თუკი სურს, რომ უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა ახალ სიმაღლეზე ავიდეს.

ვრცლად წაიკითხე კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

ინტერვიუ ზურა დათუნაშვილთან: პრობლემები, რაც საქართველოში მქონდა, მოტივაციად ვაქციე

საქართველოს სახელით ორჯერ ევროპის ჩემპიონმა ზურა დათუნაშვილმა საქართველო 2019 წელს დატოვა. სერბეთის სახელით წელს მან სამი მედალი მოიპოვა: გახდა ევროპის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი.

დათუნაშვილი სამშობლოდან ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელთან, გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების გამო წავიდა. გეგეშიძე 2019 წლის იანვარში სპორტის სასახლეში, არაერთი ადამიანის და კამერების წინ ფიზიკურად გაუსწორდა დათუნაშვილს. ძალადობის ბრალდებით დაკავებული გეგეშიძე სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. იგი ამ დრომდე ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელია.

რადიო თავისუფლებას ზურა დათუნაშვილი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან ესაუბრა. ის დღეს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენია.

„კაი წელი გამომივიდა. ძალიან გახარებული ვარ. მართლა გულდასაწყვეტია, რომ ეს ჩემს ქვეყანაში ვერ გავაკეთე, არ მომეცა ამის საშუალება. პრობლემა, რაც მე საქართველოში მქონდა, მოტივაციად ვაქციე და უფრო ბევრს ვაკეთებ, რომ მიღწევები მქონდეს“, - ეუბნება მსოფლიო ჩემპიონი რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, ნასტასია არაბულს.

ინტერვიუ სრულად წაიკითხე აქ.

რატომ იკლო აცრის ტემპმა, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში? რამდენად რეალურია სავალდებულო ვაქცინაცია? რამდენად იმოქმედა აცრების სტატისტიკაზე არჩევნებმა და რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას პანდემიის მოსალოდნელი "მეხუთე ტალღის" წინ? ამ კითხვებზე გვპასუხობს ვახტანგ კალოიანი.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG