Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ფხაკაძე: საქართველო ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც ვაქცინა არის და მეოთხე ტალღა ვერ გავაჩერეთ


გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი
გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების შეფასებისას ამბობს, რომ ზამთარი კიდევ უფრო მძიმე იქნება. მისი ვარაუდით, ეს დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, იმაზე, რომ ნოემბრიდან ჩინური ვაქცინით ვაქცინირებულთა იმუნიტეტი დაქვეითდება და, მეორე მხრივ, იმ მოსახლეობის რეინფიცირების რისკებზე, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი.

„ჩვენ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ვაქცინა გვაქვს და მეოთხე ტალღა ვერ გავაჩერეთ. მე მგონი ერთადერთი ვართ. მეოთხე ტალღა არ გაჩერებულა, 40 ადამიანს როცა კარგავ დღეში. ეს არის ტრაგედია, კატასტროფა.... თქვენ ხომ იცით, რომ 70%-მა მოსახლეობის გადაიტანა კოვიდი 2 თვის წინ. ამ ვირუსს ახასიათებს ხუთთვიანი ციკლურობა და ეს ხუთი თვე ზუსტად არის იანვარში, შუა რიცხვებში. როდესაც გაქვს ასეთი მაღალი ეპიდემიოლოგიური აფეთქება ქვეყანაში, რომელიც არ გაჩერებულა, ნოემბერში დაემატებიან ჩინური ვაქცინებით ვაქცინირებულები, რომლებსაც იმუნურობა უკვე დაკარგული აქვთ და სჭირდებათ სასწრაფოდ ბუსტერის გაკეთება ანუ მესამე დოზის, ფაიზერით. თუ ისინი არ გაიკეთებენ, ამ სფეროშიც იქნება აფეთქება და ჩვენ შეიძლება იანვრის მაგივრად დეკემბერში, ანუ შობა-ახალ წელს შევხვდეთ ძალიან მძიმე ციფრებით. ანუ ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენზე, დამნაშავეები ვართ ჩვენ, თითოეული ადამიანი, ვინც არ ვიცრებით ფაიზერის ვაქცინით და ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს. მთავრობასაც ნუ ვაბრალებთ, რაა. რაც მოსახლეობაა, ისაა მთავრობა. ჩვენი მთავრობა არის ზუსტად ჩვენი მოსახლეობის სარკე“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „დილის საუბრებში“, სადაც მან კონკრეტულად მთავრობა ეპიდემიის მართვის ჩავარდნაში დაადანაშაულა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები არაეფექტიანად შეაფასა, მათ შორის საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ კომპლექსური პრობლემების მასშტაბი გაცილებით დიდია, ვიდრე ეგონა.

„არასწორი მესიჯებია, არასწორი გზავნილები არის ყველგან, სადაც მივდივარ... მე მეგონა, რომ საქართველოში ხალხი უკვე გათვითცნობიერებულია, იციან, რა ხდება და ისეთ ბაზისურ კითხვებს მისვამენ, რომ ბოდიში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ პანდემია როცა არის და შენი მოქალაქე თუ გისვამს ასეთ მარტივ შეკითხვას, ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. უკვე აღარ ვიძახი იმას, რომ არა ერთმა ათეულმა ადამიანმა პირდაპირ მითხრა, რომ ექიმმა მითხრა არ აიცრაო, ფეხმძიმედ არის და ექიმმა თქვა, ჯობია, თავი შეიკავონო. ანუ ძალიან ბევრი კომპლექსური პრობლემები გვაქვს, ვიცოდი, მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ ასეთი მასშტაბური იყო“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ, რომლის შეფასებითაც, ვაქცინაციის ჩავარდნის ყველაზე დიდი მიზეზი მიმდინარე საარჩევნო პროცესია, როდესაც სწორი გადაწყვეტილებები პოლიტიკურად არამოგებიანია.

გადაცემაში გიორგი ფხაკაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა ჩინურ ვაქცინებზე უარის თქმა და მოსახლეობის იმუნიზაცია მხოლოდ ერთი, ფაიზერის ვაქცინით. მისივე თქმით, უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, საჭიროა პირველ რიგში მოზრდილი მოსახლეობის და შემდეგ უკვე ბავშვების ვაქცინაცია. გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ საჭირო იქნება ასევე გარკვეული პროფესიების ადამიანების სავალდებულო ვაქცინაცია.

13 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 386 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4837 შემთხვევა. ეს 62-ით მეტია წინა დღეს, სამშაბათს გამოქვეყნებულ მონაცემზე - 4775 ახალ შემთხვევაზე, რაც აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი. 1586-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG