საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი. 1586 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 386 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4837 შემთხვევა. ეს 62-ით მეტია წინა დღეს, სამშაბათს გამოქვეყნებულ მონაცემზე - 4775 ახალ შემთხვევაზე, რაც აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, 4837 ახალი შემთხვევიდან 1379 თბილისშია. მეორე ადგილზეა იმერეთი - 1028 და მესამეზე კახეთი - 889.
როგორც წესი, სამშაბათობით გაზრდილ სტატისტიკას უკავშირებენ უქმე დღეების შემდეგ, ორშაბათობით მომატებულ ტესტირებას, რომლის შედეგებიც სამშაბათს ქვეყნდება. ოთხშაბათობით დადასტურებული შემთხვევების რიცხვი რამდენიმე ასეულით ნაკლებია ხოლმე, თუმცა, ამჯერად განსხვავებული სურათია.
საქართველოში ეპიდსიტუაცია დაახლოებით ერთი კვირაა უარესდება. 5 ოქტომბრიდან, ყოველდღიურად აღირიცხებოდა დაახლოებით 2200-დან 2800-მდე ახალი შემთხვევა, ბოლო ორი დღეა კი ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, სამშაბათს, 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ წინა სამშაბათთან შედარებით სერიოზული ნახტომი და დაახლოებით 2000-ით მეტი ახალი შემთხვევა იყო.
13 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 9.79%;
- ბოლო 7 დღის - 8.52%;
- ბოლო 14 დღის - 6.95%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 645 195 შემთხვევა. მათგან 605 581 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 9 332 ადამიანი.