Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის ენერგოსექტორში განგაში გამოცხადდა


მოლდოვის მთავრობამ ბუნებრივი გაზის დეფიციტის გამო, ენერგეტიკული განგაში გამოაცხადა. მოლდოვას, რომელიც გაზს რუსეთიდან იღებს, კონცერნ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ახალი კონტრაქტი კი, ხელმოწერილი არ არის, რადგან მხარეები მისაღებ ფასზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გარდამავალ პერიოდში მოლდოვა იძულებულია რუსული გაზი დაახლოებით 4-ჯერ უფრო ძვირად შეიძინოს.

მოლდოვის ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრ ანდრეი სპინუს განცხადებით, განგაშის მდგომარეობა საჭიროა, რათა ენერგოსექტორის საწარმოები სერიოზულად მოემზადონ მოვლენების შესაძლო, რთული სცენარით განვითარებისთვის და მიღებული იყოს ზომები წლის ცივ პერიოდში მოქალაქეთა ენერგორესურსებით უზრუნველსაყოფად.

სპინუს ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის ეკონომიურად ხარჯვის მიზნით, ენერგოსექტორის საწარმოები, მათ შორის თბოელექტროსადგურები ნაწილობრივ გადავიდნენ მაზუთის და ნახშირის გამოყენებაზე. გარდა ამისა, მოლდოვა ცდილობს დეფიციტის შესავსებად გაზი შეიძინოს რუმინეთიდან და უკრაინიდან.

მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა შექმნილ სიტუაციას უწოდა უპრეცედენტო ენერგოკრიზისი და განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მოსახლეობას შეუმსუბუქოს გაზის არნახულად მაღალი ფასით გამოწვეული შოკი. სპინუს იმედი აქვს, რომ შეძლებენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას მისაღები ფასით გაზის შემდგომ მიწოდებაზე.

კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. ახალ, გრძელვადიან შეთანხმებაზე მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა. რუსულმა კონცერნმა მოლდოვისთვის გაზის მიწოდება ნოემბრამდე გააგრძელა, თუმცა, ამ გარდამავალ პერიოდში ქვეყანას უწევს ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში 790 დოლარის გადახდა, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG