Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი თაბაგარი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს


გიორგი თაბაგარი
გიორგი თაბაგარი

„თბილისის პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი, რომელიც 16 ოქტომბერს, ღამით დააკავეს, გათავისუფლებულია. ცნობას „თბილისის პრაიდის" „ფეისბუკის" გვერდი ავრცელებს.

„გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს.

აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით. აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა ამ ჯგუფის წევრების აქტიურ დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია", - აცხადებს ორგანიზაცია.

როგორც შსს-მ გვაცნობა, დაკავების საფუძველი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევა, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

დაკავების ზუსტი მიზეზის შესახებ რადიო თავისუფლებამ ჰკითხა ადვოკატ გიორგი მახარაძეს, რომელიც იცავს გიორგი თაბაგარის ინტერესებს, თუმცა მას დეტალური ინფორმაცია არ აქვს.

„მხოლოდ დაკავების ოქმს გავეცანი, შიგნით [შენობაში] არც შევსულვარ. რომ მივედი შსს-სთან უკვე გამოვიდნენ. დაკავების ოქმში საფუძვლად მითითებულია წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, - გვითხრა მახარაძემ და დაამატა, - თაბაგარის შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, ის იყო მიზეზი, რომ სხვა რომ დააკავეს, ეს ეკითხებოდა, რატომ დააკავეთო? ოქმში კი სხვანაირად წერია, „რომ დავაკავეთ [სხვა პირი], მერე [თაბაგარი] ხელს გვიშლიდაო, სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდაო და ა.შ."

გიორგი თაბაგარმა კი On.ge-ს უთხრა: „საქსეს ბართან" ვიდექით გარეთ, დავინახე, თენგო ემინაშვილს მიათრევდა 8 პოლიციელი და გამოვესარჩლე, რატომ მიგყავთ-მეთქი. უსახლკარო ადამიანი დააკავეს, სრულიად ისეთ სიტუაციაში, რომ ვერ მივხდი, რატომ იყო ამის საჭიროება. არავინ პასუხს არ მცემდა. ამ გამოსარჩლების პროცესში მეც ჩამტენეს მანქანაში და კიდევ ერთი გოგო. ძიძგილაობა იყო, ბევრი რაღაც ხდებოდა, მანქანაში ჩატენეს, ამ ჩატენვის პროცესში ვუწევდით წინააღმდეგობას, რომ არ წაეყვანათ".

დამატებითი ინფორმაციის შესახებ შსს-სთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ადვოკატის ინფორმაციით, სამივე მათგანი ხელწერილის საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.

პოლიციამ ლგბტ აქტივისტის გიორგი თაბაგარის 15 დღით ადმინისტრაციული წესით დაპატიმრება 7 ოქტომბერს მოითხოვა. იმ შემთხვევაში საქმე ეხებოდა 5 ივლისის იმ ეპიზოდს, როცა თბილისის ქუჩებში ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობდნენ, მას კი პოლიცია დაუკავშირდა და დარბეულ ოფისში მისვლა სთხოვა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოსამართლის კითხვაზე, რა პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა პოლიცია თაბაგარის წინააღმდეგ, გამომძიებელმა უპასუხა, რომ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სურდა.

5 ივლისს თბილისში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დღეს დილიდან შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და დაიწყეს ჟურნალისტებზე ძალადობა, დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ამ დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა, თუმცა დღემდე დაკავებულია მხოლოდ 30 პირი, მათ შორის არ არიან ორგანიზატორები.

იმის მიუხედავად, რომ ამ 30 პირის შემთხვევაში განაჩენი ჯერ არ დამდგარა და გამოძიება ისევ გრძელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ყველა მოძალადე დაკავებული და დასჯილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG