Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძის პარტია არჩევნების მეორე ტურში თავისუფალ არჩევანს ემხრობა


ანა დოლიძე
ანა დოლიძე

ანა დოლიძის პარტიამ „ხალხისთვის“,აზრთა სხვადასხვაობის გამო, მხარდამჭერებს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში თავისუფალი არჩევნის გაკეთების საშუალება მისცა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრებისა და მხარდამჭერების თავისუფალ არჩევანს. თვითონ გადაწყვიტონ, როგორ, რა ფორმებში და როდის არის წინსვლა და ცვლილება საუკეთესო მათთვის, მათი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის“ - განაცხადა ანა დოლიძემ 16 ოქტომბერს.

პოლიტიკოსი თვლის, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხალხის წინაშე ისევ „ორპოლუსიანი არჩევანი“ დგას და ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პარტიამ საჭიროდ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება გულშემატკივართა პოზიციების შეჯერების შედეგად მიეღო.

როგორც ანა დოლიძე განმარტავს, 200-ზე მეტი წევრისა და მხარდამჭერის გამოკითხვის შედეგად, პოზიციების მიხედვით, გამოიკვეთა გულშემატკივართა სამი ჯგუფი.

„ჩვენი მხარდამჭერების ერთი ჯგუფისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის ცვლილება და მათ შორის - ხელისუფლების ცვლილება.

მეორე ჯგუფი არის ჯგუფი, რომლისთვისაც დღეს წარმოდგენილი არჩევანი არჩევანს და რეალურ ალტერნატივას არ წარმოადგენს. ამ ჯგუფისთვის არჩევანი ისევ „ქართულ ოცნებასა “ და 5-იანს - „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ისევ ორპოლუსიანობაა და ეს არჩევანი არ არის...

მესამე ჯგუფი ჩვენი მხარდამჭერებისა არის ხალხი, რომელიც მხარს არ უჭერს დღევანდელ მოცემულობაში და უმეტეს შემთხვევაში, მხარს არ დაუჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“ - აცხადებს პარტიის ლიდერი.

ამასთან, მისი თქმით, პარტია თავს იკავებს "მეორე ტურთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან“.

ძირითადი ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა, მათ შორის - „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ უკვე გამოაცხადეს გადაწყვეტილება, რომ მეორე ტურში მხარს უჭერენ ოპოზიციონერ კანდიდატებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი მუშაობს ადგილობრივი მთავრობის ე.წ. „ჩრდილოვანი კაბინეტის“ - შემადგენლობის დაკომპლექტებაზე.

წინასწარი ინფორმაციით, კოალიციური, მრავალპარტიული შემადგენლობა საზოგადოებისთვის წარდგენილი იქნება 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში).

ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ კოალიციური მმართველობის შეთავაზებით, ამომრჩეველი აღარ დგება „ორპოლუსიანი არჩევნის“ წინაშე და „5 ნომრის“ შემოხაზვით, ის ხმას აძლევს კოალიციას და არა მხოლოდ ენმ-ს.

ცესკოს მონაცემების თანახმად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობისთვის ბრძოლაში 20-დან 17 შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ კონკურენტია „ნაციონალური მოძრაობა“; 1 შემთხვევაში - პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ხოლო 2 შემთხვევაში - მოქმედი მერი (თიანეთში - თამაზ მეჭიაური, „ერთიანი საქართველოსთვის“) და კიდევ ერთგან - დამოუკიდებელი კანდიდატი (ოზურგეთი - კონსტანტინე შარაშენიძე).

ცესკოს თანახმად, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება ასევე 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG