ინფორმაციის მასობრივი გაჟონვის წყარო, რომელმაც გაავრცელა რუსეთის პენიტენციურ სისტემაში სავარაუდო წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, საფრანგეთში გაიქცა, სადაც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს.
ეს ამბავი 16 ოქტომბერს დაადასტურა ვლადიმირ ოსეჩკინმა, ცნობილმა რუსმა უფლებადამცველმა, რომელიც წამების წინააღმდეგ ბრძოლის პროექტს Gulagu.net-ს ხელმძღვანელობს და რომელმაც გამოაქვეყნა წყაროს მიერ - რომელიც აქამდე მხოლოდ სახელით, სიარჰეი, მოიხსენიება - მიწოდებული ვიდეოჩანაწერის დიდი ნაწილი.
Gulagu.net-ის თანახმად, სიარჰეი შარლ დე გოლის აეროპორტში 16 ოქტომბერს ჩაფრინდა ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნიდან, რომლის სახელიც არ კონკრეტდება. როგორც Gulagu.net-ი ამბობს, მან საფრანგეთის დედაქალაქის აეროპორტში დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას დასახმარებლად, რათა პოლიტიკური თავშესაფარი მოიპოვოს.
Gulagu.net-მა 4 ოქტომბერს დაიწყო ვიდეოჩანაწერების პირველი ნაწილის გამოქვეყნება, რომლებშიც ნაჩვენები იყო პატიმრების სავარაუდო წამება უშიშროების ფედერალური სამსახურისა და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხრიდან.