Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი წყვეტს ნატოში თავისი მისიის მუშაობას


რუსეთი აცხადებს, რომ წყვეტს თავისი მისიის მუშაობას ნატოს შტაბბინაში, ბრიუსელში, რაც წარმოადგენს პასუხს ნატოს მიერ თვის დასაწყისში რუსეთის მისიიდან რვა წევრის გაძევებაზე.

ეს ნაბიჯი კიდევ ერთი დარტყმაა აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირებზე, რომლებიც ისედაც უახლოვდება ცივი ომის პერიოდის დაბალ ნიშნულს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპერაციები 1 ნოემბრიდან შეწყდება, და ამავე დღეს შეუწყდებათ აკრედიტაცია მოსკოვში ნატოს მისიაში მომუშავე პირებს.

ნატოს პრესმდივნის, ოანა ლუნგესკუს თქმით, ალიანსს რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია. "გავეცანით მინისტრ ლავროვის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებებს, მაგრამ ოფიციალური კომუნიკაცია არ ყოფილა მის მიერ წამოჭრილ საკითხებზე" - ამბობს ალიანის პრესმდივანი.

ლავროვმა დასძინა, რომ ნატოს სამდივნოს უკვე შეატყობინეს რუსეთის მიერ დაგეგმილი ნაბიჯების თაობაზე. ლავროვის თანახმად, თუკი ნატოს რუსეთთან კითხვები აქვს, ალიანსის წევრებს შეუძლიათ მიმართონ ბელგიაში რუსეთის ელჩს. ლავროვს არ დაუკონკრეტებია, რა პირობებით შეიძლება მოხდეს მისიებში მუშაობის აღდგენა.

რუსეთის გადაწყვეტილებას ლავროვმა უწოდა პასუხი ნატოს მიერ 6 ოქტომბერს გადადგმულ ნაბიჯზე, რომლითაც ალიანსში რუსეთის მისიიდან რვა თანამშრომელი იქნა გაძევებული. რუსეთის წარმომადგენლობაში დიპლომატთა სრული შემადგენლობა განახევრდა და 20-დან 10-ს გაუტოლდა.

გადაწყვეტილების მიღებისას ნატომ განაცხადა, რომ გაძევებული დიპლომატები თანამშრომლობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან, რომლებიც არამეგობრულ ქმედებებში არიან ჩართულნი.

რუსეთის მისია არ არის განთავსებული ნატოს შტაბ-ბინაში, მისი ოფისი მდებარეობს ბრიუსელის სამხრეთით მდებარე უბანში.

ნატოსა და რუსეთს შორის კავშირები ბოლო პერიოდში დაძაბულია, ოფიციალური კონტაქტები შეზღუდულია მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება განახორციელა.

XS
SM
MD
LG