Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია მეზვრიშვილი: მეორე ტურში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მოქალაქეს უწევს ორ წარსულს შორის არჩევნის გაკეთება


ნათია მეზვრიშვილი, პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე
ნათია მეზვრიშვილი, პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე

პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით ამბობს, რომ პარტია მიჰყვება თავის დღის წესრიგს და მოქალაქეებს არ მიუთითებს, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს დაუჭირონ მხარი:

„გონიერი მოქალაქეები გვყავს და ეს ადამიანები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მხარი ვის დაუჭირონ და საერთოდ დაუჭირონ თუ არა ვინმეს მხარი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა გადაცემაში. მისი თქმით, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მოქალაქეებს მეორე ტურში ორ წარსულს შორის უწევთ არჩევნის გაკეთება და პარტიის „საქართველოსთვის“ ამოსავალ პრინციპად ძალაუფლების დაბალანსება რჩება:

„დღეს ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა და ამ გამოწვევებს სჭირდება განსხვავებული მიდგომა და არა ისეთი მიდგომა, რომელსაც ერთპიროვნული მმართველობისკენ მიდრეკილი „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ გვთავაზობენ. ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ დავუძახეთ როგორც ერთ პარტიას, ისე მეორე პარტიას, რომ დავსხდეთ ერთ მაგიდასთან. ეს საკითხი ისევ დგას, ბუნებრივია, დღის წესრიგში“, - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი. მისი თქმით, კონკრეტული პასუხი, მათ შორის მკაფიო უარი მათი შეთავაზების შესახებ არც „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოუსმენია და არც „ქართული ოცნებისგან“ მაშინ, როდესაც, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, „ოქროს გასაღები“ პარტიას „საქართველოსთვის“ ბევრ მუნიციპალიტეტში უჭირავს.

„ჩვენ დაველოდებით პასუხს ამ პარტიებისგან. თუ ბუნებრივია იქნება მზაობა, ამ მოლაპარაკებებს დავიწყებთ, რომ ბალანსის როლი შევასრულოთ, თუ არ იქნება მზაობა, მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიხედვით, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ჩვენი მოქალაქეებისთვის რა იქნება საჭირო“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ვერ შედგება, პარტიის „საქართველოსთვის“ „ოქროს გასაღები“ გააღებს იმ კარს, რომლის გაღებაც მოქალაქის ინტერესებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რათა პროცესები ჩიხში არ შევიდეს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

„ბიუჯეტის საკითხებია განსახილველი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებია. ამიტომ ჩვენ, ერთის მხრივ, ორიენტირებულები ვიქნებით იმაზე, რომ ეს ერთპიროვნული მმართველობა არ იყოს და, მეორეს მხრივ, ორიენტირებული ვიქნებით იმაზე, რომ ჩიხში არ შევიდეს და გადაწყვეტილების მიღების უნარიანი იყოს საკრებულო“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა "დღის საუბრებში".

გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, ამ ორ პარტიას ღია მოლაპარაკებების დაწყება საკრებულოებში საკადრო შემადგენლობის დაბალანსების მიზნით 7 ოქტომბერს შესთავაზა.

ინიციატივის თანახმად, სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგ, „საქართველოსთვის“ მზადაა უპირობოდ დაეთანხმოს ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში.

„ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ მივცეთ ორ ძალას შესაძლებლობა, მოილაპარაკონ, ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და ამომრჩევლებმა ჩვენ მოგვცეს, ისე რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული საკრებულოები. ჩვენ ამ პროცესში არა გვაქვს არანაირი პრეტენზია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენ უპირობოდ დავეთანხმებით ამ ფორმატში მათ მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ კანდიდატს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ინიციატივის წარდგენისას.

„საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, მისი პარტია არცერთი მუნიციპალიტეტის დონეზე არ აპირებს კოალიციის შექმნას არც „ქართულ ოცნებასა“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი ხმა, 46,74 %, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30,67%-ით და მესამეზე - "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმების 7,80 % აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG