Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყიფშიძის თქმით, ორი დღის განმავლობაში სააკაშვილი იფიქრებს ჰოსპიტალში გადასვლის საკითხზე


ნიკოლოზ ყიფშიძე
ნიკოლოზ ყიფშიძე

რუსთავის #12 დაწესებულებაში დასრულდა საქართველოს მესამე პრეზდიენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეხვედრა, რის შემდეგაც მათ მოინახულეს მსჯავრდებული. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის გარდა, კონსილიუმის სხვა წევრებმა ციხე უკომენტაროდ დატოვეს.

როგორც ყიფშიძე ამბობს, ახლა თავადაც მიდის იუსტიციის სამინისტროში და დაესწრება მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეხვედრას. მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ყიფშიძის ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისე შეაფასეს, როგორც თავად აფასებს. „ანალიზის პასუხები და ყველაფერი განვიხილეთ ციხეში, 2-3 საათის განმავლობაში. რასაც მე ვლაპარაკობ, ზუსტად ისევეა ყველაფერი“, - თქვა მან.

რაც შეეხება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხს, ყიფშიძე აღნიშნავს, რომ გადაყვანაზე იყო საუბარი, მაგრამ არა - დღეს.

„ზუსტად ფორმულირება არ ყოფილა, რომ ჰოსპიტალში გადაყვანას საჭიროებს. სააკაშვილის პოზიცია არის ის, რომ ის განაგრძობს შიმშილს და შემდეგი ორი დღის განმავლობაში იფიქრებს ჰოსპიტალში გადასვლის საკითხზე. ყველა ვთავაზობთ შიმშილობის შეწყვეტას, მაგრამ არაფერი არ გამოდის“, - თქვა ექიმმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG