Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, 18 ოქტომბერს ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობის გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავეს: 1988 წელს დაბადებული ბ.ლ., 1983 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1977 წელს დაბადებული ლ.რ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბ.ლ.- მ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1994 წელს დაბადებულ, ანასტასია შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, მიღებული დაზიანებების შედეგად ანასტასია შატალოვა ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებით ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბ.ლ.-მ შემთხვევის ადგილი ბ.ხ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა, რა დროსაც ბ.ხ.-ს მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა.

როგორც შსს აღნიშნავს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბინის ჩხრეკის დაწყებამდე ბ.ლ. მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს. განცხადების თანახმად, პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

განცხადების მიხედვით, სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ბ.ხ.-ს მეგობრის, ლ.რ.-ის ბინა გაჩხრიკეს.

როგორც შსს აცხადებს, აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ.ხ, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა. ამავე ცნობით, პოლიციამ ბ.ხ. მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღო. ბ.ხ.-ს მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ხელყუმბარა, გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს. ამავე დროს, შსს აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ბ.ხ.-ს დაკავებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა ბინის მეპატრონე - ლ.რ.-მ.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პოლიციელების მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვის იგი ადგილზე დააკავეს. შსს აცხადებს, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG