Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო დოლიძე მეორე ტურის საარჩევნო კამპანიაზე: უფრო მეტად ცენტრალიზებულია, ვიდრე ადგილობრივი


ნინო დოლიძე, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი
ნინო დოლიძე, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია ადგილობრივ საკითხებზე აქცენტირებით არ მიმდინარეობს.

„ცენტრალიზებული კამპანიაა უფრო მეტად და არა ადგილობრივ დონეზე კამპანიები. ამას შეიძლება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა და პატიმრობაც უწყობს ხელს, მაგრამ ისევ ეროვნული მასშტაბით პოლიტიკაზე მიდის მსჯელობა, ვიდრე ადგილობრივ დონეზე დაპირებები თუ პროგრამების შეთავაზება, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპონენტი კანდიდატების მხრიდან. ვნახოთ, ამ 10 დღეში თუ შეიცვლება რამე, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ, რომ ნაკლებია აქტივობა კამპანიის ნაწილში რეგიონებში და უფრო მეტად ცენტრალიზებული კამპანია მიმდინარეობს ორივე მხრიდან“, - განაცხადა ნინო დოლიძემ „დღის საუბრებში“.

გადაცემაში ნინო დოლიძემ მეორე ტურის წინ სოციალური მედიაში მიმდინარე კამპანიის ერთ თავისებურებასაც გაუსვა ხაზი. კერძოდ, თქვა, რომ თუ აქამდე სოციალურ მედიაში კონკურენტის დისკრედიტაცია და მის წინააღმდეგ აგრესია ძირითადად ანონიმური გვერდების საშუალებით მიმდინარეობდა, ახლა ვითარება გარკვეულწილად შეიცვალა:

„ახლა რასაც ვატყობთ, შესაძლოა, ამ ანონიმურმა დისკრედიტაციის კამპანიებმა უკვე ოფიციალურ გვერდებზეც გადაინაცვლოს. თუნდაც ის ვიდეოკლიპი, რაც გავრცელდა, ჩვენ ვნახეთ უკვე მმართველი პარტიის ოფიციალურ საიტზე. ის, რაც მანამდე, შესაძლოა, ანონიმურ გვერდებზე ვრცელდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, არის დამაზიანებელი. პოლარიზაციამ, პოლარიზაციის დონემ კიდევ უფრო აიწია და რა ვიცი, ძალიან სამწუხაროა, თუ კიდევ ამ სიძულვილის და შუღლის ენით ვაპირებთ მეორე ტურებამდეც მისვლას“, - განაცხადა ნინო დოლიძემ „დღის საუბრებში“.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, ცესკოს , 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი ხმა, 46,74 %, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30,67%-ით, მესამეზე - "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმების 7,80 % აქვს და მეოთხეა "ლელო", რომლის შედეგი 2, 71%-ია.

პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისში - 2.5%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG