პარტიის „დროა“ წარმომადგენელი, ოპოზიციის მიერ დასახელებული თბილისის მერიის კოალიციური კაბინეტის წევრი გიგა ლემონჯავა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ დროში კოალიციის მთავარი ამოცანებია ამომრჩევლისთვის პოზიტიური დღის წესრიგის ჩვენება, ამომრჩეველთან აქტიური კომუნიკაცია და არჩევნების დღეს ხმების კოორდინირებულად და ეფექტიანად დაცვა.
„ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რას ვთავაზობთ, რა არის განსხვავებული. ანუ საუბარი იმაზე, რომ ოპონენტი ცუდია, საკმარისი არ არის, ბუნებრივია. ანუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე „ქართული ოცნების“ სახით, ეს გასაგებია. ჩემი აზრით, ჩვენ მოქალაქეებს უნდა წარვუდგინოთ კონკრეტული ინიციატივები, იდეები, მოსაზრებები, რა იგეგმება გამარჯვების შემდეგ. და ეს, ერთის მხრივ, იქნება გამარჯვების იმპულსის გამცემი პროცესი და, მეორეს მხრივ, ეს იქნება მკაფიო გზავნილი მოქალაქეებისთვის, რომ ჩვენ გვაქვს გეგმა, რას ვაკეთებთ გამარჯვების შემდეგ“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ „დილის საუბრებში“.
თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ დასახელებული კოალიციური კაბინეტის საკითხზე საუბრისას მან თქვა, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ აჩვენა, რომ მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებებისა, შეუძლია იყოს ერთიანი.
„დემოკრატიული ოპოზიციის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, დიდმა ნაწილმა თქვა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვერდით უნდა გადავდოთ განსხვავებები ჩვენს შორის, ბუნებრივია, რომ ამ განსხვავებებს ჩვენ უნდა ვცეთ პატივი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ერთიანობა იმ რისკების წინაშე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა რეალურად დგას. და ამ ყველაფერს, გარდა პოლიტიკური, ტაქტიკური მიზანშეწონილობისა, ასევე, ჩემი აზრით, აქვს ძალიან დიდი საზოგადოებრივი მდგენელიც, საზოგადოებრივი მნიშვნელობა, რამდენადაც მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოებისა, ჩემი აზრით, არის დაყოფა“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ „დილის საუბრებში“.
30 ოქტომბერს დანიშნული თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურისთვის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ მერის მოადგილეობის, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატები დაასახელა. გუნდში შევიდნენ "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "ევროპული საქართველოს", "ერთიანი საქართველოს", "დროას" წევრები და ასევე რამდენიმე უპარტიო კანდიდატი. პარტია "დროას" წარმომადგენლის გიგა ლემონჯავას კანდიდატურა თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დასახელდა.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. თბილისის მერობისთვის ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დაუპირისპირდებიან. არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, კახა კალაძეს ამომრჩეველთა ხმების 45,006% ერგო, ხოლო ნიკა მელიას - 34,011%.