Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის ცნობით, ციხის სარკმლიდან სააკაშვილის გამოჩენას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან ილაპარაკა ციხის სარკმლიდან სააკაშვილის გამოჩენის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევაზე. „არანაირი გაგრძელება არ ექნება და, შესაბამისად, არანაირი შედეგი არ დადგება", - თქვა ადვოკატმა.

რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან 21 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის პირველი ფოტოს გავრცელების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. მისი მტკიცებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იმყოფება იმ საკანში, სადაც თავდაპირველად მოთავსდა.

ცნობაში აღწერილია, როგორ მოახერხა სააკაშვილმა მოქალაქეებთან მისალმება.

„დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს.

საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური კონკრეტულ ნორმასაც ასახელებს: „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევად, არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას".

განცხადების თანახმად, „დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG