Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმედზე" გასული სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყეს


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

ტელეკომპანია „იმედის" ეთერში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ვიდეო, დიდი ალბათობით, საქართველოსკენ მომავალ გზაზე მიხეილ სააკაშვილმა ტრაილერში გადაიღო. განცხადების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, ზოგადად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელი მიუწვდება პირთა ფართო წრეს - საგამოძიებო უწყებას, პროკურატურას, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ - ბრალდებულ(ებ)ს, ადვოკატ(ებ)ს.

„ხაზგასასმელია ისიც, რომ ერთი სისხლის სამართლის საქმეში რამდენიმე ბრალდებულის არსებობისას, ხშირად ყველა ბრალდებულისთვის ხდება სისხლის სამართლის მასალის სრულად გადაცემა, მათ შორის ისეთი დოკუმენტების გაცვლა, რომლებიც არ წარმოადგენს იმ კონკრეტული ბრალდებულის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებას. ცხადია, სისხლის სამართლის საქმის მასალის პირთა ფართო წრისთვის ხელმისაწვდომობა ზრდის არაუფლებამოსილ პირთა მხრიდან სხვისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის არაკანონიერი გამოყენების რისკებს და ზიანს აყენებს მონაცემთა სუბიექტის უფლებებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების გასაჯაროების პრევენციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ თავად მონაცემთა დამმუშავებელ დაწესებულებებს, რომლებმაც უნდა მიიღონ სათანადო ზომები მონაცემების დასაცავად (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდონ პროცესის მონაწილეთა მხრიდან მათი გამჟღავნება) და ასევე, ყველა იმ პირს, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიუთითებს, სიუჟეტის თანახმად, აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის მასალას. საქართველოს პროკურატურამ, ოფიციალური განცხადებით, დაადასტურა, რომ მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი ნამდვილად წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის მასალას და იგი გადაცემულია პროცესის მონაწილეებისთვის.

პროკურატურა უარყოფს, რომ ვიდეოს გავრცელებასთან მას კავშირი აქვს.

სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ამ საქმეში ვიდეომასალები გადაეცა ორ ადვოკატს, მას და სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულ ნარიმანიძის ინტერესების დამცველს. თუმცა, ბასილაიას განცხადებით, ნარიმანიძის ადვოკატს მასალები გადაეცა, მაშინ, როდესაც „ტელეიმედს“ ვიდეო უკვე გავრცელებული ჰქონდა.

„შეგვიძლია ეს დადასტურებითაც ვნახოთ. ნარიმანიძის ადვოკატის საერთოდ აცილება უნდოდა პროკურორს, ვიდრე სასამართლო პროცესი არ შედგა და პატიმრობასტან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიიღეს, მანამდე პროკურატურას მასალები არ გადაუცია. ნარიმანიძის პროცესის მიმდინარეობის დროს ეს მასალები გავრცელებული იყო", - განმარტა ბასილაიამ და განაგრძო, - მეორე ადვოკატი ვარ მე, რომელსაც ეს მასალები გადაეცა. როგორც ფიქრობთ, მე ეს მასალები გადავეცი „ტელეიმედს“?! ეს საღ აზრთან ახლოს არის?! ამავე დროს, პროკურატურამ რა მასალებიც გადმომცა, იმ მასალებში ეს ვიდეო არ არის. უფრო მეტის, ამ მასალის გადმოცემის შემდეგ მე დავუკავშირდი საქმის გამომძიებელს და ვკითხე, ეს ვიდეო მართლა არის საქმის მასალებში? მან მითხრა, რომ ეს მასალა ჩვენთვის გადმოცემული არ არის და საერთოდ არ იცის რა მასალაზეა საუბარი. ბუნებრივია, მანამდე ამოიღეს, ვიდრე ოფიციალურად მოხდებოდა დალუქვა და სამხარაულის ბიუროში გადაგზავნა (ან შეიძლება ლუქი მოხსნეს და ისე ამოიღეს). პიარისთვის გადასცეს „ტელეიმედს“ რომ პროპაგანდა აეწყოთ".

ადვოკატის განცხადებით, საუბარი არ არის ტელეკომპანიის ბრალეულობაზე, არამედ, მისი შეფასებით, შსს-მ და პროკურატურამ ჩაიდინეს დანაშაული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG