რადიკალური მოძრაობა თალიბანი მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან თალიბანის შესაძლო ამოღების შესახებ.
თალიბების მიერ „ავღანეთის ისლამურ საამიროდ“ წოდებული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი აბდულ კაჰარ ბალხი ტვიტერზე წერს, რომ მიესალმებიან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებს, შავი სიიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ ლიდერების ამოღების შესახებ.
ბალხი ტვიტერზე წერს იმასაც, რომ ომი დასასრულს მიუახლოვდა და მსოფლიოს ქვეყნებმა ავღანეთთან დამოკიდებულებაში დადებითი ცვლილებები უნდა შეიტანონ.
გასული კვირის ბოლოს, კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა პუტინმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი თალიბანს ამოიღებს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან, თუმცა, თქვა, რომ პირველ ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს.
თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო. ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ალიანსის სხვა სახელმწიფოებმაც და პარტნიორმა ქვეყნებმა.
თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა 2021 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.
დაწერეთ კომენტარი