Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი და თურქეთი დიპლომატიური სკანდალის განმუხტვას ცდილობენ


საერთაშორისო საზოგადოება დაძაბული ყურადღებით აკვირდება, თუ რით დასრულდება ანკარასა და დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოს შორის გასული კვირის ბოლოს განვითარებული მწვავე დიპლომატიური დაპირისპირება, რომელიც უპრეცედენტოა ნატოს წევრი ქვეყნების ურთიერთობაში.

გასული კვირის ბოლოს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 10 სახელმწიფოს, მათ შორის, აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების გაძევების ბრძანება გასცა. თურქეთის ლიდერის აღშფოთება მოჰყვა ელჩების იმ განცხადებას, რომელიც 2017 წელს დაპატიმრებული და მას შემდეგ ბრალის დამტკიცების გარეშე პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, ოსმან კავალას, გათავისუფლების მოწოდებას შეიცავდა.

„ეს 10 ელჩი დაუყოვნებლად უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად და მათ თურქეთის დატოვება მოუწევთ“, - განაცხადა 23 ოქტომბერს ელჩების საქციელით „აღშფოთებულმა“ რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

მაგრამ ორშაბათს დასავლეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური სკანდალის განმუხტვის ნიშნები გამოჩნდა.

თურქეთში აშშ-ის და სხვა რამდენიმე ქვეყნის საელჩომ 25 ოქტომბერს გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმად ისინი იცავენ მიმღები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ არსებულ „დიპლომატიურ კონვენციას“.

დასავლეთის ქვეყნების საელჩოების ამ განცხადებას „მიესალმა“ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელმაც 23 ოქტომბერს ზემოხსენებული ქვეყნების ელჩებს ქვეყნის დატოვების „განაჩენი“ გამოუტანა.

ვინ არის ოსმან კავალა?

„ეს არის თურქეთი, ეს არ არის გვაროვნულ-ტომობრივი წყობილება. ეს თურქეთია, დიდებული თურქეთი. არ შეიძლება ადგე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხვიდე და მითითებები გასცე.
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

ცნობილმა თურქმა ფილანთროპმა ოსმან კავალამ თურქეთის ხელისუფლების ყურადღება ჯერ კიდევ 2013 წელს მიიპყრო, როდესაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დონორმა და მათ შორის ჯორჯ სოროსის ფონდ „ღია საზოგადოების“ თურქეთში დაარსების ინიციატორმა, აქტიურად გააპროტესტა მშენებლობები ტაქსიმის მოედნის გვერდით მდებარე გეზის პარკში. ეკოლოგიური მიზნით დაწყებული აქციები მალე პოლიტიკურ პროტესტსა და არეულობაში გადაიზარდა.


საპროტესტო აქციების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა პარკში დაგეგმილ მშენებლობებზე. მაგრამ რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, იმ დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში დაადანაშაულა.

2016 წელს თურქეთში გაიმართა რამდენიმე ანტისამთავრობო აქცია, რომლის ორგანიზებაში სხვებთან ერთად ოსმან კავალაც დაადანაშაულეს, ხოლო 2017 წელს იგი ანტისამთავრობო აქციების ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს.

„კავალა უკვე ციხეშია, - განაცხადა ერდოანმა და დასძინა, - და მის უკან ვინ დგას? ცნობილი უნგრელი ებრაელი სოროსი. ეს არის კაცი, რომელიც ადამიანებს ავალებს ერების გახლეჩვას და განადგურებას. მას ამდენი ფული აქვს და ამ ფულს ასე ხარჯავს“.

2018 წლის ნოემბერში თურქეთის ხელისუფლების ზეწოლის გამო სოროსის ფონდმა „ღია საზოგადოებამ“ დატოვა თურქეთი.

თუ ანკარის დასავლელი მოკავშირეები გამუდმებით აკრიტიკებდნენ თურქეთის ხელისუფლებას ათიათასობით ადამიანის დაპატიმრების გამო 2016 წლის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მოგვიანებით ამას ოსმან კავალას საქმის გამო კრიტიკაც დაემატა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2019 წელს გამოვიდა კავალას გათავისუფლების მოწოდებით და განაცხადა, რომ არ არსებობს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულება.

ვაშინგტონში მაშინ განაცხადეს, რომ "ღრმად შეშფოთებული" იყვნენ თურქეთის პროკურორების გადაწყვეტილებით, ბრალი წაუყენონ სამოქალაქო საზოგადოების 16 ლიდერს, მათ შორის ცნობილ ფილანთროპს და ჟურნალისტს, ოსმან კავალას, რომელიც 477 დღე იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, ბრალის წაყენების გარეშე.

კავალას და სამოქალაქო საზოგადოების კიდევ 15 ლიდერს, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა დაემუქროთ. თუმცა თურქეთის სასამართლოებს ჯერჯერობით წარმოებაში არ მიუღიათ ბრალდებები.

სწორედ ეს საქმე შეახსენეს 23 ოქტომბერს დასავლეთის 10 სახელმწიფოს ელჩებმა თურქეთის ხელისუფლებას, რომელმაც დიპლომატები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

რა წერია ვენის კონვენციაში?

დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ კონვენცია, რომელიც ავსტრიის დედაქალაქში 1961 წლის 18 აპრილს დაიდო, დიპლომატებისგან ადგილსამყოფელი ქვეყნების სახელმწიფო კანონებისა და დადგენილებების პატივისცემას მოითხოვს.

„თავიანთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად, ყველა პირი, ვინც ასეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს, ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან, არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში“, - ნათქვამია ვენის კონვენციის 41-ე მუხლში.

თურქეთის ხელისუფლებამ სწორედ ამ მუხლის დარღვევად და თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნია დასავლეთის 10 ქვეყნის ელჩების მიმართვა, რომლებიც ციხეში მყოფი ფილანთროპისა და ხელისუფლების ოპონენტის, ოსმან კავალას, საქმის სასწრაფოდ განხილვასა და მისი გათავისუფლების მოთხოვნას შეიცავდა.

განცხადებას ხელს აწერდნენ აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, კანადის, დანიის, შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის ელჩები.

„ეს არის თურქეთი, ეს არ არის გვაროვნულ-ტომობრივი წყობილება. ეს თურქეთია, დიდებული თურქეთი. არ შეიძლება ადგე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხვიდე და მითითებები გასცე. ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს მივეცი შესაბამისი მითითებები. ეს 10 ელჩი დაუყოვნებლად უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად და მათ თურქეთის დატოვება მოუწევთ“, - განაცხადა 23 ოქტომბერს ელჩების საქციელით „აღშფოთებულმა“ რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

თურქეთის პრეზიდენტის ეს პოზიცია ორშაბათს, 25 ოქტომბერს, დაიცვა პარლამენტის სპიკერმა, მუსტაფა სენტოპმა, რომელმაც განაცხადა, რომ თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პარლამენტში მყოფ თურქ პოლიტიკოსებსაც კი ეკრძალებათ მიმდინარე სასამართლო საქმეების განხილვა. ხოლო მსგავსი ქმედება, პარლამენტის სპიკერის თქმით, უცხოეთის ქვეყნების დიპლომატების მხრიდან, „აშკარა უპატივცემულობას“ და ქვეყნის შიდა საქმეებში „ჩარევას“ წარმოადგენს.

„ვინც ამ საკითხის მიმართ ჩვენი პრეზიდენტის პოზიციას უპრეცედენტოდ აფასებს, ისიც უნდა დაინახონ, რომ ელჩების მიერ გამოვლენილი თავხედობაც ასევე უპრეცედენტოა“, - აღნიშნა თურქეთის პარლამენტის სპიკერმა.

თურქულმა პროსახელისუფლებო გამოცემა „იენი საფაკმა“ კი საერთოდ შეთქმულების თეორია განავითარა სტატიაში, რომელშიც ნათქვამია, თითქოს 10 ქვეყნის ელჩების განცხადება ყოფილიყოს შიდა ოპოზიციისა და საერთაშორისო შეთქმულების ნაწილი. „შიდა და გარე მტრების მთელი ამ ჩანაფიქრის მიზანს წარმოადგენს თურქეთის შეჩერება. ეს არის აშშ-ის, ევროპის და ყველა იმ ქვეყნის დღის წესრიგი, რომლებიც შეშფოთებული არიან რეგიონში თურქეთის გაძლიერებით“, - წერს „იენი საფაკი“.

განსხვავებულია დამოუკიდებელი ევროპული გამოცემების შეფასება, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ თურქეთის მოკავშირე ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მიმართ მსგავსი დემარში აზიანებს თურქეთის საერთაშორისო იმიჯს და სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს დასავლეთთან სავაჭრო ურთიერთობაზე დამოკიდებულ ქვეყნის ეკონომიკას.

გამოხმაურება თურქეთისა და ევროპის მედიაში

არავითარი დიპლომატიური დაახლოება, არავითარი მოლაპარაკება საბაჟო კავშირზე, არავითარი „პოზიტიური დღის“ წესრიგი ევროკავშირთან და არავითარი დაახლოება ვაშინგტონთან კავალას გათავისუფლებამდე.
გერმანული გამოცემა „ჰანდელსბატი“

თურქული ლიბერალური გამოცემა T24 თურქეთის ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ელჩის გამოცხადება პერსონა ნონ გრატად იმავდროულად ნიშნავს ურთიერთობების გაწყვეტას ამა თუ იმ ქვეყანასთან, მაგალითად, აშშ-სთან.

„როგორ მოახერხებს ამის შემდეგ ერდოანი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისათვის ემზადება, მისი ელჩის გაძევების შემდეგ, ბაიდენთან შეხვედრას? ან როგორ და სად უნდა დაელაპარაკოს ის ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს? როგორ უნდა განიხილოს მან ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები, რომელიც ისედაც ბეწვზე ჰკიდია?“, წერს T24, რომელიც არ გამორიცხავს, რომ რეჯეპ ერდოანმა, რომელსაც სერიოზულად მობეზრდა დასავლეთის სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების დემოკრატიული მოთხოვნები, ნელ-ნელა ზურგი შეაქციოს დასავლეთს.

როგორც უნდა განვითარდეს მიმდინარე დიპლომატიური დაპირისპირება ანკარასა და დასავლეთის 10 სახელმწიფოს შორის, გერმანული ყოველდღიური „ჰანდელსბატი“ მიიჩნევს, რომ ამ კონფლიქტში დამარცხებული მხოლოდ თურქეთის პრეზიდენტი იქნება.

„ახლა 10 დაზარალებულს, მათ შორის ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას, შეუძლია მოიყვანოს შემდეგი არგუმენტი: არავითარი დიპლომატიური დაახლოება, არავითარი მოლაპარაკება საბაჟო კავშირზე, არავითარი „პოზიტიური დღის“ წესრიგი ევროკავშირთან და არავითარი დაახლოება ვაშინგტონთან კავალას გათავისუფლებამდე. რაც შეეხება 10 ელჩის პოტენციურ გაძევებას, შესაძლოა ერდოანის ზოგიერთმა ამომრჩეველმა ეს მისი ნაბიჯი მოიწონოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ერდოანი თავს ვერ დააღწევს დასავლეთის ხაფანგს“, - წერს გერმანული „ჰანდელსბატი“.

ლიბერალური იტალიური გაზეთი „ლა სტამპა“ კი მკითხველებს შეახსენებს, რომ დასავლეთის ელჩებთან დაკავშირებულმა სკანდალმა ნეგატიურად იმოქმედა თურქეთის ეროვნულ ვალუტაზე, ლირაზე, რომელიც განაგრძობს დევალვაციას. ორშაბათს სავალუტო ბირჟაზე 1 დოლარი ღირდა 9,85 ლირა. ხოლო წელს თურქულმა ეროვნულმა ვალუტამ დაკარგა თავისი ღირებულების მეოთხედი, იზრდება უმუშევრობა და უკმაყოფილება თურქეთის ხელისუფლებით, რომელსაც იტალიური გამოცემა მომავალ არჩევნებში დამარცხებას უწინასწარმეტყველებს.

„წელიწად-ნახევრის შემდეგ თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. თუ ვნახავთ გამოკითხვის შედეგებს, აშკარაა, რომ მმართველი პარტია დამარცხდება... ლირას მასობრივი დევალვაციის, ინფლაციისა და უმუშევრობის დაუსრულებელი ზრდის გამო ჩვენ ვიმყოფებით უპრეცედენტო კრიზისის წინაშე... დარწმუნებული ვარ, რომ კავალა, დიდებული და მოთმინების უნარის მქონე ადამიანი, უახლოეს მომავალში გათავისუფლდება საპატიმროდან. ევროპას ძალიან დიდი დახმარება შეუძლია. მაგრამ ევროპამ უნდა იფიქროს მთელ თურქეთზე და არა მხოლოდ ერთ ადამიანზე, რომელიც სპილოს ძვლისგან ნაგები კოშკის მსგავს საპრეზიდენტო კომპლექსში ცხოვრობს“, - წერს „ლა სტამპა“.

შემხვედრი ნაბიჯი თუ „უკან დახევა“?

დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები შემდგომში უფრო ფრთხილები იქნებიან თურქეთის შესახებ თავიანთ განცხადებებში.
თურქეთის პრეზიდენტი

დიპლომატიური სკანდალის განმუხტვისკენ პირველი ნაბიჯი ზემოხსენებული ქვეყნების ელჩებმა გადადგეს. თურქეთში მდებარე აშშ-ის და სხვა რამდენიმე ქვეყნის საელჩომ 25 ოქტომბერს გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმად, ისინი იცავენ მიმღები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ არსებულ „დიპლომატიურ კონვენციას“.

როგორც ზემოთ ითქვა, ლაპარაკია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ კონვენციაზე, რომელიც დიპლომატებისგან ადგილსამყოფელი ქვეყნების სახელმწიფო კანონებისა და დადგენილებების პატივისცემას მოითხოვს.

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთეს ცოტა მოგვიანებით კანადის, ახალი ზელანდიისა და ნიდერლანდის საელჩოებმა. ნორვეგიის, შვედეთის, დანიისა და ფინეთის საელჩოებმა კი უბრალოდ გაიზიარეს ამ შინაარსის შემცველი პოსტი საკუთარ ტვიტერის გვერდებზე.

საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ თანახმად, საელჩოების ამ პოზიციას „მიესალმა“ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელმაც ორშაბათს მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია ელჩების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხის გარშემო.

სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი სააგენტო „ანადოლუ“ და თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (TRT) ელჩების ამ განცხადებას დასავლეთის სახელმწიფოების საელჩოების „უკან დახევად“ აფასებენ.

იგივე განაცხადა მთავრობის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელმაც 25 ოქტომბერს აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლების მიზანს არ წარმოადგენდა კრიზისის გამოწვევა, ის მხოლოდ თავისი ქვეყნის უფლებას იცავდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები შემდგომში უფრო ფრთხილები იქნებიან თურქეთის შესახებ თავიანთ განცხადებებში“, - მოჰყავს ერდოანის სიტყვები სააგენტო „როიტერსს“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG