Accessibility links

site logo site logo

ჯანდაცვის მინისტრი წინააღმდეგია, აცრა გახდეს სავალდებულო


ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სავალდებულო ვაქცინაციას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ ამას ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები მოჰყვება, ვიდრე აუცრელობას.

"ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ დროულად გადაწყვეტილება თავიანთი ჯანმრთელობის სასიკეთოდ და დაეხმარონ სახელმწიფოს ამ მძიმე პერიოდში, როდესაც ჩვენ წინ გვაქვს დასამარცხებელი პანდემია. სახელმწიფოს შესაძლებლობები ამ ეტაპისთვისაც, რა თქმა უნდა, არის უცვლელი, რაც გულისხმობს რეგულაციების დაცვის მკაცრ აღსრულებას. მნიშვნელოვანია, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის მარათონი. შერჩეულია 50 სოფელი ამ ეტაპისთვის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს, სწორედ აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ ზუგდიდში მედიასთან საუბრისას.

ის იმედს ამყარებს მიმდინარე ვაქცინაციის მარათონზე, რომლის ფარგლებშიც 18 ოქტომბრიდან ამ დრომდე 1401 ადამიანი აიცრა და საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების დარწმუნება, გაიკეთონ აცრა.

ჯანდაცვის მინისტრამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ დაუშვებს, აცრა გახდეს სავალდებულო.

საქართველოში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა 33%-საც ვერ აღწევს, ერთი დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36%. მზარდია ყოველდღიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების მაჩვენებელი.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე შედგენილი იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი უნდა იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60%. დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ამ გეგმის შესრულება შესაძლებელია, თუკი ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 17-20 ათასი ვაქცინა გაკეთდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG