"როცა ხდება ადამიანების იძულება, იქ მუხტი არ იგრძნობა ხოლმე. გუშინ ნახეთ როგორი მუხტი იყო. გუშინ გახსოვთ შეძახილები - "საქართველოს გაუმარჯოს!" თქვენ აქციაზე ისმოდა შეძახილები: "თავისუფლება მიშას!" იქით იდგა მიშა, თქვენი დამნაშავე ლიდერი, აქეთ იდგა საქართველო. ეს არის განსხვავება ორ შეკრებას შორის", - ასე პასუხობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას 27 ოქტომბრის აქციაზე საჯარო მოხელეების მონაწილეობის შესახებ. კობახიძე არ აკონკრეტებს "ქართული ოცნების" აქციაში მონაწილეთა რაოდენობას, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მათი მხარდამჭერების რიცხვი ბევრად აღემატება "ნაციონალების" მხარდამჭერებს.
"მე ვთქვი, რომ ამ აქციაზე, შეკრებაზე, ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ დაგვჭირდებოდა იმდენი მარტო მძღოლი, რამდენიც ნაციონალებს ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე და ეს არ იყო სიტყვის მასალად ნათქვამი, რეალურად, ამდენი მძღოლი დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება.
ჩვენი შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი, დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას", - ამბობს კობახიძე. მან დღეს ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილია და ასევე ისაუბრა "მთავარი არხის" დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე.
"თქვენმა ლიდერმა გუშინ ბიომასა უწოდა იქ შეკრებილ ადამიანს, ასი ათასზე მეტ ადამიანს. თქვენი ერთი ბელადი არის ციხეში, მეორე ბელადი არის თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელი. ყველამ ვიცით, რომ ნაცმოძრაობაში მეორე კაცია გვარამია. როდესაც ის ბიომასას უწოდებს ამდენ ადამიანს, ეს არის სასოწარკვეთილების გამოხატულება. ამას თქვენ აგრძელებთ სიცრუის ტირაჟირებით", - თქვა კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
დაწერეთ კომენტარი