Accessibility links

site logo site logo

"როლების გაცვლა" 2012-2021 წლების სარკეში


27 ოქტომბერი, "ქართული ოცნების" აქცია თავისუფლების მოედანზე

27 ოქტომბრის აქციაზე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში რეგიონებიდან ათობით ათასი ადამიანი ჩამოიყვანა. პარტიის ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში ძირითადი დრო წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკს დაუთმეს. ეს არავისთვის იყო მოულოდნელი.

აქციისთვის სლოგანით „გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“ – „ქართული ოცნება“ თითქმის ორი კვირა ემზადებოდა. გადაწყვეტილება მიიღეს მალევე, მას შემდეგ, რაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე „თავისუფლების მოედანზე“, ბევრის შთაბეჭდილებით, 2012 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აქცია გამართა.

„ქართულ ოცნებაში“ სიტყვა „კონტრაქცია“ არ მოსწონთ, თუმცა ეს სიტყვა ამ დღეებში მრავალჯერ ახსენეს პოლიტიკოსთა თუ ექსპერტთა წრეებში და იქვე, ბევრმა, 2012 წელს გამართული ორი აქციაც გაიხსენა. ის აქციებიც, 9 წლის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართეს.

  • რა მსგავსებაა 2021 და 2012 წლების აქციებს შორის და რას ნიშნავს „როლების გაცვლა“?
  • ვინ და რა სულისკვეთებით იდგა 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე?

„ლეშიჭამიები“, „ქართველთ მოძულეები“, „მოღალატეები“, „მკვლელები“, „ჯალათები“, „ეკლესიისა და პატრიარქის მტრები“ - ისმოდა 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ლიდერების ხმები, თავისუფლების მოედანზე, სპეციალურად დამონტაჟებული სცენიდან.

ისინი მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, კარგად გაიხსენონ წარსული და არავითარ შემთხვევაში არ დაუჭირონ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში.

„ქართული ოცნების“ ლიდერები აქციაზე მისვლისთვის გულითად მადლობას უხდიდნენ ხალხს, რომლის უდიდესი ნაწილიც რეგიონებიდან თავად ჩამოიყვანეს.

ასობით სამარშრუტო ტაქსითა და ავტობუსით დედაქალაქში ჩამოყვანილი ადამიანების დიდი ნაწილი საჯარო სექტორში დასაქმებული პირები იყვნენ და ჟურნალისტებს ზოგი არც იმას უმალავდა, რომ თბილისში გამგებლისა თუ დირექტორის თხოვნის შედეგად მოხვდა.

„ქართულ ოცნებაში“ კატეგორიულად უარყოფენ ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებულ ცნობებს აქციის მონაწილეებისთვის ფულის გადახდის შესახებ, თუმცა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ რეგიონებიდან ჩამოყვანილ ადამიანებს ისინი საკვებით უზრუნველყოფდნენ.

„ოცნების“ ამომრჩევლები და მხარდამჭერები თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ბევრი ხალხის ხილვით აღფრთოვანებული დარჩნენ. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი პოსტი პირდაპირი ნიშნის მოგებით - ბევრად მეტნი ვიყავით, 14 ოქტომბრის ენმ-ის აქცია ჩვენთან ახლოსაც ვერ მოვაო.

ეს განწყობა „ქართული ოცნების“ ლიდერებშიც შეიმჩნეოდა. ბევრი ხალხის დანახვისთვის, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკნიდან გამოხედვაც კი ურჩია რუსთავის ციხეში მოშიმშილე პატიმარს - ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების ცნობით, სულ უფრო უარესდება.

14 ოქტომბერს, ენმ-ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, საზღვარგარეთის მედიასაშუალებების დათვლით, 50-60 ათასი ადამიანი იყო.

„ვიდრე სახლში მოვიდოდი, გზაში ფეხითაც ვიარე, მეტროთიც ვისარგებლე და ვერ შევამჩნიე, რომ ხალხი აქციაზე გულანთებული ემოციით, თვითდინებით მიდიოდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ ძველი თანაგუნდელი, ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე.

ის ფიქრობს, რომ 2021 წლის 27 ოქტომბრის აქცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წლის 29 სექტემბრის აქციისგან, როდესაც ხალხს ამ პოლიტიკური ძალის „ნამდვილი მხარდაჭერა“ და „ნამდვილი ემოციები“ ეტყობოდა.

დღევანდელი აქცია პოლიტიკოსს უფრო 2012 წლის „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას აგონებს.

2012 და 2021 - მსგავსება და განსხვავება

2012 წლის 29 სექტემბერს, პოლიტიკაში იმხანად ახლად მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო რაოდენობის ხალხის შეგროვება შეძლო. მაშინ ამბობდნენ, რომ აქციის მონაწილეთა რიცხვი 100 ათასზე მეტი იყო.

ბევრს ახსოვს „ქართული ოცნების“ საარჩევნი კამპანიის შემაჯამებელი აქცია, 9 წლის წინ - ემოციებით, შეძახილებით, ტაშით, ცაში აშვებული უამრავი ლურჯი საჰაერო ბუშტით, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლითა და მისი ვაჟის, ბერას სიმღერებით.

ბიძინა ივანიშვილმა იმ დღეს ხალხს აცნობა, რომ „დგება ახალი ხელისუფლების დაბადების დღე“ და სააკაშვილის რეჟიმის დასრულებასაც დაჰპირდა.

„სააკაშვილის სისტემა უნდა დაინგრეს... ყველა დარწმუნდა ამაში. აღარც დასავლეთი დახუჭავს თვალს ამ უკანონობაზე. ეს უკვე საერთაშორისო სკანდალია. წარმოუდგენელია, დასავლეთმა სადისტური სისტემის შემქმნელებს დაუჭიროს მხარი; დაუჭიროს მხარი მათ, ვის წინააღმდეგაც სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ქუჩები აავსეს თავდაჭერილი და ღირსეული პროტესტით“, - თქვა მაშინ ივანიშვილმა.

ერთი დღით ადრე კი, ძალები იმხანად ხელისუფლებაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსინჯა - ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, სადაც 2006 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, 54 139 მაყურებელი ეტევა.

თბილისში მაშინაც ბევრმა სამარშრუტო ტაქსიმ და ავტობუსმა მოიყარა თავი.

პარტიამ სტადიონი შეავსო, მაგრამ რეგიონებიდან ჩამოყვანილმა ხალხმა ადგილების დაცარიელება მალევე დაიწყო.

მას შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთმა წარმომადგენელმა და მხარდამჭერმა გაიხსენა ის დღე და აღიარა - რომ არჩევნებში დამარცხების მოახლოება სწორედ იმ დღეს იგრძნო.

გედევან ფოფხაძე გვეუბნება, რომ მაშინდელმა ენმ-მა და დღევანდელმა „ოცნებამ“ „როლები გაცვალეს“. მისთვის უპირველესი მსგავსება სხვადასხვა სახის ვალდებულების გამო აქციაზე მიყვანილ ადამიანებს უკავშირდება.

პოლიტიკოსისთვის ცხადია, რომ „ძალით მიყვანილი“ ხალხის სიმრავლე რეალური მხარდამჭერების სიმრავლეს არ ნიშნავს და ელემენტარული დაკვირვებაა - რაც დიდხანს გაგრძელდება აქცია, მით ნაკლები ხალხი დარჩება.

27 ოქტომბრის აქციაზე „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერები ზუსტად ერთი საათის განმავლობაში მიმართავდნენ იქ შეკრებილ ხალხს. სოციალურ ქსელებში წერენ იმის შესახებაც, რომ აქციის მონაწილეებმა თანდათან აშკარა დაშლა დაიწყეს.

„ასეთი მსხვილბიუჯეტიანი აქციის ჩატარება [ხელისუფლებაში ყოფნის დროს] „ოცნებას“ აქამდე არ დასჭირვებია... არ დასჭირვებია იმის დემონსტრირება - არიქა, ბევრი მომხრე მყავსო... ამას არ გააკეთებდა, რომ არ ჰქონდეს გარკვეული შიშები მეორე ტურებთან დაკავშირებით. ფაქტია, არჩევნები არაერთ დიდ ქალაქში წააგეს და სხვაგანაც, არაერთგან პრობლემები აქვთ.

ამიტომ გამოიყვანა ხალხი და იგივე გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს... ასეთ დროს, ძალის დემონსტრირებით, ყველა პარტია ცდილობს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიიმხროს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გედევან ფოფხაძე.

ამ დღეებში ბევრი სვამდა შეკითხვებს - ვის უწყობს აქციას "ქართული ოცნება"? ოპოზიციას ხელისუფლება აქციას უნდა უწყობდეს?!

მმართველი პარტიის პასუხია, რომ აქცია მხარდამჭერებისთვის პირველ ტურში „ტრიუმფალური“ გამარჯვებისთვის მადლობის გადახდასა და მეორე ტურის წინ მათ გამხნევებას ემსახურებოდა.

ექსპერტების ნაწილისთვის ეს პასუხი არადამაჯერებელი იყო. ისინი რადიო თავისუფლებასთან ამბობდნენ, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული მმართველი პარტია ასეთი ძალისხმევით აქციებს არ აწყობს და რომ ეს სვლა „მილევად“ რეჟიმში მყოფი, უფრო ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლებების ხელწერაა.

არის თუ არა "ქართული ოცნება" მილევად რეჟიმში, ისევე, როგორც ენმ 2012 წელს?

გედევან ფოფხაძე გვეუბნება, რომ - კი. თუმცა, მისი შეფასებით, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი დიდწილად, ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციის განსხვავებულმა ხარისხმა განაპირობა.

"მაშინ [2012 წელს] ჩანდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოწურა თავისი თავი და წასვლის დრო იყო... ახლაც ყველა წინაპირობაა იმისა, რომ „ოცნება“ აღარ სჭირდება ამ ქვეყანას. ოპოზიციას ახლა რეალური კონსოლიდაცია რომ მოეხერხებინა, როგორც ეს 2012 წელს მოხდა, „ოცნება“ არჩევნებზე ცალსახად დამარცხდებოდა“, - ამბობს ფოფხაძე.

2012 და 2021 წლების პროცესებს შორის მსგავსებას ხედავს პოლიტოლოგი გია ნოდიაც, თუმცა მისთვის პარალელების გავლება "არ ნიშნავს, რომ შედეგი მაინცდამაინც მსგავსი იქნება".

"ერთი მხრივ, გვაქვს 2021 წლის 14 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ ჩატარებული აქცია, რომელიც ხალხის რაოდენობით ძალიან ჰგავდა 2012 წელს, მაშინდელი ოპოზიციის [„ქართული ოცნების“ კოალიცია] მიერ ჩატარებულ აქციას, და ასევე, გვაქვს ამის საპასუხოდ გამართული სახელისუფლებო აქციები... კონტრასტს ქმნის ერთი რამ - რამ მოიყვანა ხალხი ამ აქციებზე.

ოპოზიციის აქციების შემთხვევაში - ეს არის ადამიანების მიერ ინდივიდუალურად გაკეთებული არჩევანი; ხოლო ხელისუფლების აქციები ჰიბრიდულია - ვიღაცეები ნამდვილად თავისით მოდიან, მაგრამ დიდი ნაწილი მიყვანილია, ადმინისტრაციული რესურსის მეშვეობით და ამიტომ განსხვავდება განწყობებითაც ეს აქციები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გია ნოდია.

ორი ტიპის აქციებს შორის პოლიტოლოგი კიდევ ერთ განსხვავებას გამოყოფს და ეს აქციისთვის მზადების პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვაა. მისი შეფასებით, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიერ გამართული აქციები საქართველოს სინამდვილეში ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს ემსგავსება.

„ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციისთვის სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები თბილისისკენ 27 ოქტომბერს დილიდან დაიძრნენ. დედაქალაქში კი, ტრანსპორტის გასაჩერებლად წინასწარ გათავისუფლებულ ადგილებს სამართალდამცველები იცავდნენ.

თბილისელების ნაწილი 27 ოქტომბერს დილიდანვე წუხდა, რომ ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრულ ადგილებზე მათ ავტომობილების გაჩერების საშუალება არ მიეცათ.

რეგიონებიდან ჩამოყვანილ ხალხში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებიც რომ იქნებოდნენ, ეს წინასწარვე ითქვა - მათ ერთდღიანი შვებულების აღება შესთავაზეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG