Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრეგაძის თქმით, უკრაინის სახალხო დამცველმა ფაქტობრივად გაახმოვანა ცალმხრივი ინფორმაცია


რატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოეხმაურა უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებას. ის რამდენიმე დღის წინ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

„უკრაინის ომბუდსმენის განცხადება პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის იყო ძალიან გასაკვირი. იმ მარტივი მიზეზის და გამო, რომ ჩვენი კეთილი ნების საფუძველზე აღმოჩნდა ქალბატონი ომბუდსმენი საპატიმროში და მოინახულა პატიმარი. შესაბამისად, როდესაც ის ქალბატონი გამოვიდა, მან ფაქტობრივად გაახმოვანა ცალმხრივი ინფორმაცია. ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებას შეუწყო ხელი, რომელიც მან მიიღო პატიმარ სააკაშვილისგან. მეორე მხარისთვის არ დაუსვამს აბსოლუტურად არცერთი შეკითხვა, ბუნებრივია, ეს ინფორმაცია არის აბსოლუტურად არასარწმუნო. მე ერთ შეკითხვას დავსვამ, თუკი მისი [სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ასეთი მძიმე, ასე ცუდად ეპყრობიან, მაშინ, ჩვენ შევუშვებდით სახალხო დამცველს?! რა თქმა უნდა, არ შევუშვებდით“, - თქვა რატი ბრეგაძემ.

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 27 ოქტომბერს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენმა მედიასთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ადგილი აქვს მისი უფლებების შელახვას.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, უარს აცხადებს გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებულ კლინიკაში მკურნალობის მიღებაზე, მისი ინტერესების დამცველები და ექიმი კი ყოველდღიურად აფრთხილებენ მთავრობას, რომ მდგომარეობა მძიმდება და სააკაშვილი მრავალპროფილიან კლინიკაში საჭიროებს განთავსებას.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში სამედიცინო კონსილიუმის ყოფილი წევრი, ექიმი ზურაბ ფაღავა, ამბობს, რომ კონსილიუმი შეთანხმებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელებდეს "მრავალპროფილურ, მაღალი კვალიფიკაციის ე.წ. C კატეგორიის დაწესებულებაში". ზურაბ ფაღავამ სამედიცინო კონსილიუმის ჯგუფი ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG