Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაგდა პოპიაშვილი: მაქვს იმედი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა გახდება უფრო ქმედითი


მაგდა პოპიაშვილი, თვითმმართველობის მკვლევარი

თვითმმართველობის მკვლევარი, ვებპორტალის „თვითმმართველობის დროა“ რედაქტორი მაგდა პოპიაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, რომელიც 64-დან 20 მუნიციპალიტეტში ტარდება, მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, რომ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტების მესამედს მოიცავს, არამედ იმითაც, რომ მოსალოდნელ ცვლილებებს უკავშირდება:

„იქნება თუ არა ეს გადამწყვეტი? შეიძლება იყოს და ამას პირველი ტურის შედეგებიც აჩვენებს. ძალთა ბალანსი აღარ იქნება იმგვარი, სავარაუდოდ, როგორიც იყო წინა 4 წლის განმავლობაში. ვგულისხმობ იმას, რომ, სავარაუდოდ, ვერ იქნება ადგილობრივ დონეზე ერთი დომინანტური პოლიტიკური პარტია და, შესაბამისად, გადაწყვეტილებები ვერ იქნება მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებული. ვგულისხმობ როგორც თვითმმართველობის აღმასრულებელ რგოლში, ისევე საკრებულოებიც. ეს მოცემულობა და თუ ეს დღევანდელმა დღემაც გაამყარა, მე მაძლევს იმის იმედს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა გახდება უფრო ქმედითი, გახდება უფრო ორიენტირებული ადგილობრივ პრობლემატიკაზე და საკრებულოები შეასრულებენ ბოლოს და ბოლოს იმ ფუნქციას, რაც მათ რეალურად აქვთ“, - განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ საკრებულოს აქვს არაერთი ფუნქცია, უფლებამოსილება და ბევრი და ძლიერი ბერკეტი იმისთვის, რომ მერი აკონტროლოს:

„კონტროლში მე არ ვგულისხმობ არამც და არამც იმას, რომ მას შეუძლია შეზღუდოს, მაგალითად, საკადრო პოლიტიკაში, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაში. არა, მას შეუძლია ძალიან ჯანსაღი ფორმებით გააკონტროლოს მერის გადაწყვეტილებები და ეს აისახოს შემდეგ მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე, მთლიანად იმ სერვისების ეფექტურობაზე, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას აძლევს, მის განვითარებაზე და პერსპექტივებზე. სამწუხაროდ, ამ დრომდე საკრებულოები ამ ფუნქციას ნაკლებად ასრულებდნენ იმიტომ, რომ მოცემულობა ასეთი იყო მერის და საკრებულოს შემთხვევაში, რომ იყო დომინანტი პარტია, ერთი კონკრეტული პარტია, მმართველი პარტია და, შესაბამისად, საკრებულო არასდროს არ ცდილობდა შეექმნა პრობლემები მერისთვის. მე მგონია, რომ ეს მოცემულობა შეიცვლება და მე მგონია, რომ ეს კარგია“, - განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა „დილის საუბრებში“.

საქართველოში დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. 64-დან 20 მუნიციპალიტეტში, მათგან 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერს ირჩევენ, ხოლო 24-ში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს. საკრებულოების დეპუტატთა ასარჩევად მეორე ტური ტარდება, საერთო ჯამში, 42 მაჟორიტარულ ოლქში.

მეორე ტურში გავიდნენ მერობის კანდიდატები, რომლებმაც 2 ოქტომბერს ვერ მიიღეს პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი და კანდიდატებს შორის პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს, და მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებმაც გასამარჯვებლად ვერ გადალახეს 40%-იანი ბარიერი. მეორე ტურში ბარიერი არ არსებობს და იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG