8:00 საათზე, საქართველოში დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური. 64-დან 20 მუნიციპალიტეტში, მათგან 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერს ირჩევენ, ხოლო 24-ში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს. საკრებულოების დეპუტატთა ასარჩევად მეორე ტური ტარდება საერთო ჯამში, 42 მაჟორიტარულ ოლქში.
მეორე ტურში გავიდნენ მერობის კანდიდატები, რომლებმაც 2 ოქტომბერს ვერ მიიღეს პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი და კანდიდატებს შორის პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს, და მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებმაც გასამარჯვებლად ვერ გადალახეს 40%-იანი ბარიერი. მეორე ტურში ბარიერი არ არსებობს და იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს.
ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტურში მონაწილეობენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“(41) და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“(5) მიერ წარდგენილი კანდიდატები:
თბილისი - ნიკანორ მელია(5) და კახა კალაძე(41);
რუსთავი - დავით კირკიტაძე(5) და ნინო ლაცაბიძე(41);
ქუთაისი - ხატია დეკანოიძე(5) და იოსებ ხახალეიშვილი(41);
ფოთი - გიორგი უგულავა(5) და ბექა ვაჭარაძე(41);
ბათუმი - გიორგი კირთაძე(5) და არჩილ ჩიქოვანი(41).
ამ ორი პარტიის მერობის კანდიდატები მონაწილეობენ 15 თვითმმართველი თემიდან 12-შიც, 3-ში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატების კონკურენტები არიან საარჩევნო სუბიექტების, „გახარია-საქართველოსთვის“(25) და „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის(38) კანდიდატები და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი(56):
თელავი - გიორგი ბოტკოველი(5) და ლევან ანდრიაშვილი(41);
თიანეთი - თამაზ მეჭიაური(38) და ლევან წიკლაური(41);
ქარელი - ნიკოლოზ ახალკაცი(5) და ზაზა გულიაშვილი(41);
ხაშური - იოსებ ბუაძე(5) და თენგიზ ჩიტიაშვილი(41);
ცაგერი - ბესარიონ ბენდელიანი(25) და გიორგი ნემსაძე(41);
ბაღდათი - გიორგი რობაქიძე(5) და კახა ენუქიძე(41);
წყალტუბო - ზაზა მეტრეველი(5) და გენადი ბალანჩივაძე(41);
ოზურგეთი - ავთანდილ თალაკვაძე(41) და კონსტანტინე შარაშენიძე(56);
სენაკი - კობა ნაყოფია(5) და ვახტანგ გადელია(41);
მარტვილი - თეიმურაზ ჯანაშია(5) და თორნიკე ჯანაშია(41);
ხობი - ბესიკ შენგელია(5) და დავით ბუკია(41);
ზუგდიდი - ანზორ მელია(5) და მამუკა წოწერია(41);
წალენჯიხა - გიორგი ხარჩილავა(5) და გოგა გულორდავა(41);
ჩხოროწყუ - ბადრი ქარჩავა(5) და დათო გოგუა(41);
ხელვაჩაური - მიშა ბოლქვაძე(5) და ზაზა დიასამიძე(41).
საქართველოს 64-დან 44 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. ახალმა მერებმა უფლებამოსილების შესრულება 27 ოქტომბრიდან დაიწყეს.
საკრებულოს მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური თბილისში მიმდინარეობს მხოლოდ ერთ, საბურთალოს ოლქში. ასევე, ყვარლის, ახმეტის, თიანეთის, რუსთავის, დუშეთის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ონის, ლენტეხის, სამტრედიის, ჭიათურის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სენაკის, მარტვილის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ქედის, ხელვაჩაურის და ხულოს საარჩევნო ოლქებში. უმრავლეს შემთხვევაში ერთმანეთის კონკურენტები არიან „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ასევე, მონაწილეობენ „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „გახარია-საქართველოსთვის“, „ლელოს“, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „თავისუფალი საქართველოს“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ და „ევროპელი სოციალისტების" კანდიდატები. 24 საარჩევნო ოლქიდან ოზურგეთია ერთადერთი, რომლის ერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) ინფორმაციით, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურისთვის 1830 საარჩევნო უბანია, სადაც ხმის მიცემა შეუძლია 2 088 722 ამომრჩეველს.
კენჭისყრის პირველი ტურისთვის, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 497 345. მათგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776-მა (51.92%).
„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. მმართველმა პარტიამ, რომელმაც არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ივლისის ბოლოს ეს შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების საერთო პროპორციულ ნაწილში მიიღო ხმების თითქმის 47%.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ფონზე ტარდება. უკრაინიდან საქართველოში არჩევნების პირველი ტურის წინ, არალეგალურად დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაპატიმრების დღიდან შიმშილობა აქვს გამოცხადებული რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
დაწერეთ კომენტარი