Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კლდიაშვილი: ეს არჩევნები არის ტესტი სამომავლო არჩევნებისა, რამდენად შევძლებთ კოჰაბიტაციას


გიორგი კლდიაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი
გიორგი კლდიაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ ტესტად განიხილავს.

„ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს სულ მცირე 2024 წელს გარკვეულწილად დათმობებზე წასვლა პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ ეს იქნება კოალიციური მთავრობა. აღმასრულებელ ხელისუფლებას ვგულისხმობ, რადგანაც პარლამენტში გადანაწილებულები იქნებიან ისე ძალები, რომ მათ მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა.

ანუ ეს ადგილობრივი არჩევნები არის გარკვეულწილად ტესტი იმ სამომავლო არჩევნებისა, რომელიც იქნება 2024 წელს, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, კოჰაბიტაციას იმ შემთხვევაში, თუ, ცხადია, ოპოზიცია მოიპოვებს მხარდაჭერას და დიდ ქალაქებში მოახერხებს თავისი კანდიდატების გაყვანას“, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, უშვებს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ალბათობასაც, მან თქვა:

„რომაელებს ჰქონდათ ძალიან კარგი გამოთქმა, ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური არ მიკვირსო. ქართველი ვარ და არაფერი არ გამიკვირდება, რაც კი შეიძლება მოხდეს საქართველოში, ასე რომ, ვადამდელსაც ვუშვებ თეორიულად და კიდევ სხვა რამესაც. ასე რომ, ნამდვილად არ გამიკვირდება. უბრალოდ, ჩემი სურვილი არის აბსოლუტურად სხვა რამ, ჩემი სურვილია ვიცხოვრო ნორმალურ, განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში“, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, საქართველოში მმართველ პარტიას მოუწევს, მათ შორის ადგილობრივ დონეზე, ანგარიში გაუწიოს ოპოზიციას.

საქართველოში დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. 64-დან 20 მუნიციპალიტეტში, მათგან 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერს ირჩევენ, ხოლო 24-ში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს. საკრებულოების დეპუტატთა ასარჩევად მეორე ტური ტარდება, საერთო ჯამში, 42 მაჟორიტარულ ოლქში.

მეორე ტურში გავიდნენ მერობის კანდიდატები, რომლებმაც 2 ოქტომბერს ვერ მიიღეს პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი და კანდიდატებს შორის პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს, და მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებმაც გასამარჯვებლად ვერ გადალახეს 40%-იანი ბარიერი. მეორე ტურში ბარიერი არ არსებობს და იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG