ხმაური იყო ცოტა ზნის წინ ქალაქ თელავში, მე-9 საარჩევნო უბანზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ეთერ გურგენაშვილი ამბობს, რომ საუბნო კომისიამ ხმების დათვლის დროს სამი ბიულეტენი გააბათილა, შედეგად უბანზე გაიმარჯვა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა.
ეთერ გურგენაშვილის მტკიცებით, ბიულეტენების გაბათილების რეალური მიზეზი არ არსებობს.
„ამ სამ ბიულეტენში მკაფიოდ არის დაფიქსირებული არჩევანი. ორ შემთხვევაში შემოხაზულია „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი ბოტკოველი და „ოცნების" კანდიდატს ჯვარის აქვს დასმული. მესამეში მთლიანად არის გადახაზული ოცნების კანდიდატი და ასევე, მთლიანად სახელი და გვარიანად არის შემოხაზული ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი. რადგან ამ უბანზე ოცნების კანდიდატს გამარჯვებისთვის ხმები არ ჰყოფნიდა, გადაწყვიტეს ბიულეტენები გაებათილებინათ", - განუცხადა რადიო თავისუფლებას ეთერ გურგენაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, პარტიამ ამ საკითხზე საჩივარი დაწერა და დარწმუნებული არიან რომ ოლქი ბათილ ბიულეტენებს ოპოზიციის კანდიდატს გიორგი ბოტკოველს მიაკუთვნებენ.
რადიო თავისუფლებამ სცადა თელავის მე-9 უბნის კომისიის თავმჯდომარის, დავით ბუცხრიკიძის ჩაწერა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა.
კახეთში მერის არჩვენების მეორე ტური ჩატარდა მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტში. გახსნილი იყო 55 საარჩევნო უბანი. ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა.
დაწერეთ კომენტარი