Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ნატროშვილი: შედეგებში მცირე განსხვავებების გამო, შესაძლოა, არსებობდეს ეჭვები არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით


ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" პროგრამის მენეჯერი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს, როგორებიცაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საჯარო მოხელეების დაშინება-ზეწოლა და ასე შემდეგ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონოდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ ფორმირებასა და გამოვლენაზე, შესაბამისად კი არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მისი შეფასებით, ამიტომ მეორე ტურში კანდიდატების შედეგებში დაფიქსირებულმა მცირე განსხვავებამ, შესაძლოა, საზოგადოებაში გააჩინოს კითხვები და ეჭვები არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით:

„რომ ყოფილიყო დიდი სხვაობა კანდიდატებს შორის, მაგალითად, 60%-40%-ზე ან 70%-30%-ზე შეიძლება ამ დარღვევებს, რაზეც ვსაუბრობთ, არსებითი გავლენა მაინც ვერ მოეხდინა შედეგებზე, გამარჯვებულის გამოვლენის კუთხით, მაგრამ აქ როცა ასეთი მცირე სხვაობაა, ფაქტობრივად გავიარეთ ზღვარზე, ბევრი ადამიანისთვის ეს შედეგები შეიძლება მიუღებელი იყოს“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა „დილის საუბრებში“, რომელშიც დაწვრილებით ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნების უშუალოდ მეორე ტურის დღის დარღვევებსა და ტენდენციებზე.

კერძოდ, მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებებისა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებით. ამას გარდა, დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რომ ბევრ უბანზე არსებობდა ერთიანი ნაკადის მომწესრიგებლის მიერ ამომრჩეველთა ვინაობის ხმამაღლა გამოცხადების პრაქტიკა; პრობლემური იყო საარჩევნო უბნის გარშემო კანონით გათვალისწინებული 100 მეტრიანი მანძილის დაცვა; მისივე თქმით, პრობლემური იყო ასევე სადამკვირვებლო სტატუსის მქონე "რაღაც გაურკვეველი ორგანიზაციების“ წარმომადგენელთა მონაწილეობა დარღვევებში და სხვა. ლევან ნატროშვილმა ყურადღება გაამახვილა ასევე საუბნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმების შავი ვერსიის ასლის საოლქო კომისიაში გაგზავნის პრაქტიკის არამართებულობაზე და ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების საკითხზე:

„იყო უაზრო დაძაბულობები, ვის მიაკუთვნონ ბიულეტენი, გააბათილონ თუ არა, ამაზე იხარჯებოდა უზარმაზარი ენერგია და დავა-კამათი და ჩხუბი იყო. და იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ და გააბათილა ისეთი ბიულეტენები, რომელიც არ იყო გასაბათილებელი იმიტომ, რომ ნება იკვეთებოდა ამომრჩევლის და პირიქით, მიაკუთვნა ისეთი ბიულეტენები საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც რეალურად მათ არ ეკუთვნოდათ იმიტომ, რომ გასაბათილებელი იყო“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების პრაქტიკის პოზიტიურ შედეგად დაასახელა წინასწარი შედეგების გამოქვეყნება, ოქმების შესვლასთან ერთად:

„პირველი ტურის პრაქტიკისგან განსხვავებით, კარგი იყო ის, რომ თავიდანვე დაიდო წინასწარი მონაცემები ოქმების შემოსვლასთან ერთად და ჩვენ ვხედავდით ეკრანზე, ვის რამდენი პროცენტი ჰქონდა და ის კითხვები, რაც პირველ ტურზე იყო და სხვა არჩევნებზეც იყო, გარკვეულწილად მოიხსნა“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა „დილის საუბრებში“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“არჩევნების მეორე ტურს 19 მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 250 დამკვირვებლით უწევდა მონიტორინგს. დამკვირვებლებმა მთლიანობაში 150-მდე დარღვევა აღმოაჩინეს, დაიწერა 23 საჩივარი.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეებმა 20 მერი და საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი აირჩიეს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG