Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე დარღვევების ნუსხას წარადგენს და რამდენიმე უბნის შედეგის გაუქმებას ითხოვს


„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 30 ოქტომბრის არჩევნებზე, ქუთაისში დაფიქსირებული დარღვევების ნუსხა წარმოადგინა.

ხატია დეკანოიძე მოითხოვს ყველა იმ ბიულეტენის გადათვლას, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი. მისი თქმით, ის მიმართავს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიას, ისე სასამართლოს:

„ქუთაისში 124 უბანია. 124 უბნის შედეგების დათვლისას გამოვლინდა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაგვისწრო 2222 ხმით. ხოლო ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა 2396, ანუ გაცილებით იმაზე მეტი, ვიდრე არის სხვაობა ჩემსა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს შორის. ჩვენ ვხედავთ, როგორი ბიულეტენები ჩაუთვალეს „ქართულ ოცნებას“ და როგორი ბიულეტენები გაგვიბათილეს ჩვენ. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ ყველა ბათილი ბიულეტენის გადათვლას. 124 უბნიდან დისბალანსი იყო 20 უბანზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვითხოვოთ ასევე გადათვლა იმ 20 უბანზე, სადაც არ დაჯდა ბალანსი, რადგან როგორც წესი, ამ უბნებზე გამწესებულნი იყვნენ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანები, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიაში ე.წ. ტრენერები არიან“.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაყალბების კიდევ ერთი სქემა აამოქმედა - ე.წ. კოვიდ-უბანი:

„კოვიდ-უბანზე დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა იყო 518. აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 441-მა და ამ შემთხვევაში, მხოლოდ 68 ხმა მიიღო ოპოზიციონერმა კანდიდატმა და 356 ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა. 15 ბიულეტენი გაბათილდა. მინდა გითხრათ, რომ კოვიდ-უბანზე, არ მოქმედებდა არანაირი ფარულობის მომენტი. მათ შორის, ამ უბანზე დაფიქსირდა დისბალანსი. ამრიგად, ჩვენ მოვითხოვთ ამ უბნის გაბათილებას, რადგან ასეთი სხვაობა, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია და მათ შორის, გასათვალისწინებელია ფარულობის დარღვევის პრინციპიც“.

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც კოვიდისგან გამოჯანმრთელდნენ, არ მისცეს საავადმყოფოს დატოვების შესაძლებლობა, რათა არ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება დაკვირვებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარმართულ საარჩევნო პროცესს, მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მათ ამ მიმართულებითაც აქვს კითხვები. როგორც ხატია დეკნოიძე ამბობს, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 155 ადამიანი. აქედან 123-მა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“.

ქუთაისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ სერიოზული ხარვეზები დაფიქსირდა გადასატანი ყუთის შემთხვევაშიც:

„გადასატანი ყუთით სარგებლობისას ხორციელდებოდა სერიოზული მანიპულაციები ხმის მიცემისას. გარდა ამისა, ჩვენს მომხრეებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ დარეგისტრირებულიყვნენ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის სიაში“.

ხატია დეკანოიძე ასევე მოითხოვს ქუთაისის რამდენიმე უბნის შედეგის გაუქმებას, რაკიღა, მისი თქმით, ამ უბნებზე თვალსაჩინო იყო ადამიანის თავისუფალ არჩევანზე ზეწოლის ფაქტები. ეს უბნებია, #14, #37, #40, #41, #43, #69, #70, #71 უბანი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქუთაისში, ხმათა 100%-ის დათვლის შემდეგ, 51,64% „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა მოიპოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ხატია დეკანოიძე მას 3%-ით ჩამორჩა. არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა 48,35%-მა დაუჭირა მხარი ოპოზიციის კანდიდატს.

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ტურში, 2 ოქტომბერს, ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ხმების 43,34% მიიღო, მისმა კონკურენტმა "ქართული ოცნებიდან", მოქმედმა მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა კი 41,45%.

მეორე ტური 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა; ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG