2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1.3% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 3 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წლიური ინფლაციის დონე 12.8%-ია. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0.2% იყო, ხოლო წლიური - 12.3%.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად, 9.2%-ით გაიზარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჯგუფში. 3%-იანი მატება იყო სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ყველაზე მეტად, 9%-ით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 5.5%-ით გაიზარდა პურის და პურპროდუქტების ფასი.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც საერთო მატება 18.4% იყო. ოფიციალური სტატისტიკით, წლის განმავლობაში, ამ ჯგუფში ყველაზე მეტად, 43%-ით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული. მას მოსდევს ზეთი და ცხიმი(+31.6%) და პური და პურპროდუქტები(+19.4%).
წლის განმავლობაში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6%-ით, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და აირის ჯგუფში - 11.9%-ით და ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში - 8.4%-ით.