Accessibility links

site logo site logo

58 უბნის შედეგების გადათვლით ყველაზე მეტი ხმა "ქართულ ოცნებას" დაემატა


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ(ცესკო) დღეს, 3 ნოემბერს, გამოაქვეყნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კიდევ 58 უბანზე მიცემული ხმების გადათვლის შედეგები.

ცესკოს რეკომენდაციით, 2 ნოემბერს, საოლქო საარჩევნო კომისიებმა შედეგები ხელახლა დათვალეს იმ უბნების ნაწილში, სადაც ხმების შეჯამების ვიდეოგადაღება არ ყოფილა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობს იმ უბნებზე, სადაც 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია.

ცესკოს ინფორმაციით, გადათვლილი 58-დან 44 საარჩევნო უბნის შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ის მცირედით შეიცვალა. კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა 6 ხმა და დაემატა 3, „ქართულ ოცნებას“ დააკლდა 5 და დაემატა 39 ხმა და „გახარია-საქართველოსთვის“ დააკლდა 34 ხმა.

როგორც ცესკოში აცხადებენ, ხელახლა დათვლას არათუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე.

ცესკოს მიერ 1 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ხმების დათვლის ვიდეოგადაღება არ ყოფილა 2-ზე მეტ უბანში, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდებოდა 2-2 უბანი და მონაცემები გადაითვლებოდა, ხოლო საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2, ან ნაკლებია, შედეგებს ავტომატურად, ხელახლა დათვლიდნენ. ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტურში ვიდეოგადაღება არ განხორციელდა მხოლოდ 292 საარჩევნო უბანზე.

საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 58-დან 52 უბნის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს მიმართვის საფუძველზე გადათვალეს, დანარჩენი 6 კი, საკუთარი ინიციატივით.

2 ნოემბერს ცესკომ გამოაქვეყნა 1830 საარჩევნო უბნის 11%-ზე მიცემული ხმების ხელახლა დათვლის შედეგებიც. საუბარია უბნებზე, სადაც შედეგების შეჯამების ვიდეოგადაღება მიმდინარეობდა. გადათვლის მიხედვით, მერის არჩევნების ნაწილში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა 21 ხმა და მოემატა 28. „ქართულ ოცნებას“ დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მოემატა 2 ხმა. ცესკოს განცხადებით, გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

საარჩევნო კოდექსით სავალდებულოა ოლქებში 5-5 უბნის მონაცემების გადათვლა, თუმცა, ცესკოს რეკომენდაციით, საარჩევნო ოლქებმა 7-7 უბნის შედეგები გადათვალეს.

30 ოქტომბერს, საქართველოს 64-დან 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდა მერის არჩევნების მეორე ტური. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 19-ში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთგან - წალენჯიხაში კი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები ჩატარდა 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში, საიდანაც 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში "ნაციონალური მოძრაობის", "გახარია-საქართველოსთვის", "თავისუფალი საქართველოს" და "ევროპელი სოციალისტების" კანდიდატებმა.

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ კოალიციური მმართველობის მიზნით გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG